თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 დეკემბერს გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმის განხილვა განახლდება. საქმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას ეხება.
გიგი უგულავა საქმის მოსმენის განახლებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
ისევე, როგორც ნიკა გვარამია, რომლის სასამართლო პროცესებიც 7 დეკემბერს განახლდება. გვარამიას გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.
რაც შეეხება უგულავას და ღონიაშვილის საქმეს - მის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავა 2014 წლის ივლისში დააკავა, მანამდე კი დააპატიმრა მისი ახლობელი, გიორგი ღონიაშვილი.
ახლა გიგი უგულავას და გიორგი ღონიაშვილის საქმეების წარმოება სასამართლოში ცალ-ცალკე მიმდინარეობს. სასამართლო 10 დეკემბრს სწორედ გიორგი ღონიაშვილის ეპიზოდს განიხილავს.
გამოძების მტკიცებით, ოფშორული ზონიდან გიგი უგულავას, გიორგი ღონიაშვილთან და დავით კეზერაშვილის პარტნიორთან, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად დიდი ოდენობის ე.წ შავი ფული გადმოჰქონდა, რაც შემდგომში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.
2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსაუხრი ამტკიცებდა, რომ საქმე ეხებოდა 1 500 000 აშშ დოლარს, თუმცა, "გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განხორციელდა მხოლოდ 760 000 დოლარის გამორიცხვა, რაც გამოიყენეს წინასაარჩევნო მიზნებისთვის".
საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟაა. ის ყვება, რომ ასობოთ ათას დოლარს ათეთრებდა და ამას გიგი უგულავას დავალებით აკეთებდა.