logo
ENG



"ორმხრივი პნევმონია ჰქონდა" - ცხელების ცენტრი 24 წლის ქალის დაღუპვაზე განმარტებას აკეთებს

03 დეკ 202015:50
3 წუთის საკითხავი
clock 3678
2020/12/03/501z4k0tdbe8dh5.jpg

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი, ლიკა მუმლაძე 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ კლინიკაში მიყვანილ პაციენტს ორმაგი პნევმონია, ცხელება და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა.  

"ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა 18 ნოემბერს. გადმოყვანილ იქნა ტესტირებისთვის, რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის რამდენიმე დღიანი ანამნეზი", - ამბობს მუმლაძე. 

ნინო გულიკაშვილის ოჯახის წევრების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს გარდაცვლილს კოვიდ-19 კლინიკაში გადაედო, მუმლაძე ამბობს, რომ მცხეთის ცხელების ცენტრში მიყვანამდე გულიკაშვილს ანტიგენზე ტესტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩაუტარეს, პასუხი უარყოფითი იყო. ცხელების ცენტრში გადმოყვანის შემდეგ კი პაციენტს PCR ტესტი ჩაუტარდა და მას კორონავირუსი აღმოაჩნდა. 

"დადასტურდა კოვიდ-19-ის დიაგნოზი. მას აღენიშნებოდა ფილტვის ორმხრივი დაზიანება, ორმხრივი პნევმონია, საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, ის მოთავსდა განყოფილებაში, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებოდა მკურნალობა", - ამბობს მუმლაძე. 

გულიკაშვილის ოჯახის წევრები ფორმულასთან ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალის კლინიკაში გადაყვანამდე მხოლოდ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ისინი სასწრაფოს გამოძახებას სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, გარდაცვლილის ოჯახმა პაციენტის კლინიკაში მიყვანა თავად სცადა. 

მცხეთის ცხელების ცენტრში მიყვანიდან 10 დღის შემდეგ კი გულიკაშვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ცნობით, 24 წლის ქალს არცერთი თანმხლები დაავადება არ სჭირდა. 

მცხეთის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ გულიკაშვილს ქრონიკული დაავადებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტმა თავად განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არცერთი გამოკვლევა არ ჰქონდა ჩატარებული, თუმცა თავად მუმლაძე არ ამბობს, რა თანმხლები დაავადება აღმოაჩნდა პაციენტს. იგი მხოლოდ აღნიშნავს, რომ პაციენტს ჭარბი წონა აღენიშნებოდა. 

"გოგონა იყო ჭარბი წონით. თავად არ ჰქონდა ინფორმაცია თანმხლებ დაავადებებზე, თუმცა ამბობდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რაიმე გამოკვლევა არ ჰქონდა ჩატარებული", - ამბობს მუმლაძე. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ცნობით, გულიკაშვილს გარდაცვალების წინა ღამეს ექიმებმა ცუდად ყოფნის დროს საძილე წამალი მისცეს, რაც, მათი თქმით, ყოვლად დაუშვებელი იყო. 

ამას გარდა ოჯახის წევრები ექიმების გულგრილობასა და კლინიკაში არსებულ არასათანადო პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით, ნინო ყოველ დღე ხმის ჩანაწერებს უგზავნიდა ოჯახის წევრებს და უყვებოდა მათ, რომ კლინიკაში სათანადოდ არ უვლიდნენ. 

"არანაირ დამაძინებელ მედიკამენტს არ იღებდა, არ საჭიროებდა", - ამბობს მუმლაძე, - "ბრალდებებზე, რომ თითქოს პაციენტს წყალს არ აწვდიდნენ და ა.შ. მეუხერხულება ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება". 

ცხელების ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის განმარტებების საპირისპიროდ, გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ნინო გულიკაშვილი სწორედ ექიმების მხრიდან გულრგრილობის და არასათანადო მკურნალობის გამო დაიღუპა. 

"ცუდად იყო და ექიმს დაუძახა და იმის მაგივრად, რომ ექიმის მხრიდან რეაგირება მომხდარიყო და გადაეყვანათ, დააძინეს. მოგვიკლეს უყურადღებობით", - ჰყვება გარდაცვლილის ბიძაშვილი ფორმულასთან

მისი თქმით, გულიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ ადრე გამოძახების შემთხვევაში პაციენტს გადაარჩენდა. 

"როცა დაიღუპა, ახალგაზრდა ბიჭი იყო ექიმი, გამოვიდა და თქვა, დროზე რომ დაეძახათ, გადავარჩენდიო", - ჰყვება გარდაცვლილის ბიძაშვილი ფორმულასთან

გულიკაშვილი ცხელების ცენტრის მიყვანიდან 10 დღეში, 1 დეკემბერს გარდაიცვალა. 

 

 


close დახურვა