logo
ENG



კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი 58 000 ლარით დააჯარიმა

03 დეკ 202017:17
3 წუთის საკითხავი
clock 1373
2020/12/03/e7k7phruwofdxzx.jpg

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია მთავარი არხი 58 061 ლარით დააჯარიმა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამ ფაქტს ტელევიზიაზე განხორციელებულ რეპრესიად აფასებს. მისივე თქმით, დაჯარიმება 6-7 ნოემბერ გასულ კლიპს უკავშირდება. 

"არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე. მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი. მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 58 000 ლარით დააჯარიმა აი, ამ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა.

არგუმენტი - ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს საარჩევნო კოდექსი.

კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და მაუწყებლობის კანონით დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58 000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?" - წერს ნიკა გვარამია. 

კომისიის განცხადებით, მათ მთავარი არხი კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის, ასევე წინასაარჩევნო რეკლამების დარღვევით განთავსების გამო დააჯარიმეს.

"საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, მთავარ არხს პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა. [...]

იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მთავარ არხს ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა", - წერია მარეგულირებლის განცხადებაში.


close დახურვა