logo
ENG



ქართული ოცნების პარალელური საქართველო და რეალობა - გიორგი თარგამაძის Op-Ed

06 დეკ 202019:41
3 წუთის საკითხავი
clock 1766

ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგადაა: ეკონომიკა იზრდება; ბიზნესი თავისუფლია; კრიმინალი თითქმის არ არსებობს; კოვიდ პანდემიას მსოფლიოში საუკეთესოდ ვუმკლავდებით; განათლებაში ფინეთს ვჯობნით; სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე აღარ ძალადობს და ხალხი ბედნიერია. ბედნიერია იმით, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზესავით ანათებს, ყველგანაა და თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. ბედნიერია იმითაც, რომ გვაქვს დენდროლოგიური პარკი, და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სულ მალე დადგება ის დრო, როდესაც ტელევიზორიდან გავიგებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საქართველომ ბრაზილია დაამარცხა, მთვარეზე კი ქართული მისიის დროშა ფრიალებს. და მადლობა ვის? რაღა თქმა უნდა ბატონ ბიძინას.

მიხვდით ალბათ, ეს საქართველოა, გნებავთ პარალელური სამყარო ვუწოდოთ, გნებავთ ვირტუალური რეალობა. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი საქართველო არსებობს არა მხოლოდ ტელეკომპანია იმედის ეკრანზე, არამედ მათ მაყურებელთა სახითაც. ისინი ძირითადად 2 კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ერთნი, რომელებიც ქართული ოცნების ინფრასტრუქტურის ნაწილს წარმოადგენენ და მათი საქმიანი თუ შემოსავლითი პერსპექტივა მთლიანად ამ ტიპის საქართველოს არსებობაზეა დამოკიდებული. და მეორე, არცთუ მკაფიო პოლიტიკური პრეფერენციების მქონე, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც საშინლად გადაიღალნენ 30-წლიანი კატაკლიზმებით და საკუთარი ცხოვრების დაისში აღარ შეუძლიათ, ისედაც დაზიანებული ფსიქიკით, ყოველდღიურად, ნეგატიური ინფორმაციით სავსე ნაკადს გაუმკლავდნენ. ამიტომ, მზად არიან, მათთვის სასურველი, ახალგაზრდობის წლებიდან მოყოლილი და ნალოლიავები, მაგრამ არარეალიზებული იმედი, ტელეიმედის მიერ შექმნილი სურათით მაინც მიიღონ.

ასევე არსებობს საქართველო, სადაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა: ეკონომიკა ჩამოქცეულია და ხალხის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; დღისით, მზისით, ტერორისტები ბანკებს ძარცვავენ; კოვიდ პანდემიას მსოფლიოში ყველაზე უარესად ვუმკლავდებით; კითხვისა და არითმეტიკის უნარებით ჩვენი მოსწავლეები მსოფლიო აუთსაიდერთა შორის არიან. ბრაზილიისა რა გითხრათ, მაგრამ ჩვენი ეროვნული ნაკრები და საუკეთესო გუნდი ჩრდილო მაკედონიასთან და ფარერებთანაც კი აგებს. კი, ივანიშვილი მზესავით დაგვყურებს, ყველგანაა და ყველაფერი მისია - საზოგადოებაზე ნაკლებად, საკუთარ თავსა და სიმდიდრეზე ნამდვილად ზრუნავს. ხალხის დიდი ნაწილი კი სასოწარკვეთილია, იმიტომ, რომ სახელმწიფო მასზე ტოტალურად ძალადობს და იცის, რომ თუ ასე გაგრძელდა, შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილი ელის. ეს სხვა საქართველოა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ტელეკომპანია იმედზე არა, მაგრამ სხვა არხებით ოდნავ გაზვიადებულ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყოველდღიურად ხედავს და იმასაც კარგად ამჩნევს, რომ ოცნების საქართველოს და სხვა საქართველოს, ერთმანეთთან საერთო თითქმის აღარაფერი დარჩათ. ერთადერთი, რაც შეიძლება გამხდარიყო საერთო ამ ორი განსხვავებული საქართველოსთვის, იყო არჩევნები და მისი შედეგები, თუმცა აქაც 2 განსხვავებული რეალობა მივიღეთ: იმედის საქართველოში ოცნებამ გაიმარჯვა, სხვა უფრო დიდ და ვისთვის ნამდვილ საქართველოში კი ოპოზიციამ.

2 გამარჯვებულის პირობებში ამ ორ, ურთიერთგამომრიცხავ რეალობას შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება. გამარჯვებული ოცნება პარლამენტში და მთავრობაში იქნება. გამარჯვებული ოპოზიცია კი ქუჩაში და იქიდან შეეცდება პროცესების მართვას. ეს ორი საქართველო, ამ ფორმით რომ ორი ახალი წელივით, დიდხანს ვერ იარსებებს და თან ძალიან ძვირადაც დაუჯდება ქვეყანას, ამას ბევრი ალბათ ვერ ხვდება. იმის გამოც, რომ თითქოს მივეჩვიეთ კიდეც მსგავსი, ორი პარალელური რეალობის არსებობას, ერთსა და იმავე ადამიანსა თუ ინსტიტუტში შერჩევით ორმაგ სტანდარტებს, ორი პარალელური სინდისისა და მორალის თანაცხოვრებას. ეს ერთგვარ მოურჩენელ ვირუსადაც კი იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ორგანიზმისა და საზოგადოებისთვის. თუმცა, კრიტიკულ პერიოდებში, ცვალებადი წარმატებით, მაგრამ მაინც, ამ ორ საქართველოს შორის ხიდის როლს ეკლესია ასრულებდა. პატრიარქი საკუთარი გავლენის ხარჯზე ახერხებდა ორ განსხვავებულ საქართველოს შორის თანამშრომლობის საერთო სივრცის გაჩენას, რომელიც არც თუ ისე ნაყოფიერ, მაგრამ მაინც ერთიან ინსტიტუტებში მოქცეულ თანამშრომლობის ფაზაში გადადიოდა. დღეს საპატრიარქო ამ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. თუნდაც იმის გამო, რომ თავად ამ ინსტიტუტმა ბალანსი დიდი ხანია დაარღვია და მისი სახელით მოლაპარაკე ფიგურები ქართული ოცნების სპიკერებად უფრო ჩამოყალიბდნენ, ვიდრე დამოუკიდებელ, ზეპარტიულ თუ გახლეჩილი საზოგადოების გამაერთიანებელი იდეის მატარებლებად. ამიტომაც იქცა ამერიკის ელჩის რეზიდენცია იმ სივრცედ, სადაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატები თავგამოდებით, თუმცა, ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ იპოვონ საერთო - ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთავაზებებში, რომლებიც ორ სხვადასხვა რეალობას წარმოადგენენ.

წამზომი უკვე კარგა ხნის ჩართულია, დრო კი საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომაც, მარტო ელჩების და პოლიტიკოსების კი არა, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის (მიუხედავად იმისა, რომელი საქართველოს ნაწილად მიგვაჩნია თავი) მთავარი ამოცანა და გულისტკივილი უნდა იყოს ის, თუ როგორ ვაქციოთ ორი განსხვავებული რეალობა ერთ, საერთო საცხოვრებელ და საარსებო სივრცედ, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველო ჰქვია.


close დახურვა