logo
ENG



ჯაფარიძე: ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე გავაკეთებ გირჩს

07 დეკ 202001:38
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე გავაკეთებ გირჩს

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის გირჩის სისტემიდან გასვლას აპირებს.

როგორც მან მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, მისი და ხვიჩიას/მეგრელიშვილის/რაქვიაშვილის გზები გაიყო.

"გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე შევთავაზე მათ, მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ ბაბლში ხმის მიცემა ყოფილიყო ან GeD-ების სისტემით, რომელიც ჩვენი შექმნილია. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს", - თქვა ჯაფარიძემ.

ის თანაგუნდელებთან დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ გირჩის წარმატებამ პრობლემები გააორმაგა.

"ადამიანები სხვადასხვა რეალობაში სხვადასხვანაირად იქცევიან. ნორმალურ მდგომარეობაში სხვანაირად იქცევიან, კრიზისულ მდგომარეობაში - სხვანაირად. პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ადრეც იყო, მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ წარმატებამ, რომელიც ახლა გირჩმა დადო, ეს პრობლემები გააორმაგა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მეგრელიშვილთან, ხვიჩიასთან და რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჯაფარიძეს საჯარო განმარტება აღარ გაუკეთებია.

ცესკო-ს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გირჩმა 2,89% მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. 


close დახურვა