პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერებს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასა და საბოტაჟში ადანაშაულებს.
როგორც ელისაშვილმა Facebook ლაივში თქვა, ისინი ფასილიტატორებთან შეხვედრებზე მხოლოდ იმისთვის დადიან, რომ დეტალები გამოიტანონ და "ყველაფერი აურიონ":
"იმ დროს როცა ჩვენ პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული, ელჩების ხათრით, ისინი გვეუბნებიან, რომ პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ ნუ გაიტანთ მოლაპარაკების დეტალებს. ეს ძალიან მარტივია. იქ თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები. იცით რატომ? იმიტომ რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ ბოკერია და უგულავა. თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში მეორეს ფოთში", - განაცხადა ელისაშვილმა.
ამავე მიმართვაში ელისაშვილმა თქვა, რომ მისთვის მისაღებ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შემთხვევაში, ის პარლამენტში შევა. ჯერჯერობით არც ერთ სხვა პარტიას ღიად არ უთქვამს, რომ ბოიკოტის დარღვევას აპირებს.
რაც შეეხება მოლაპარაკებების საჯაროობას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ელჩების თხოვნით, დეტალები დაფარულია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამას არ ეთანხმებიან.