სტრატეგია აღმაშენებელი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს. ამის შესახებ განცხადება, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
მისი თქმით, პარტია ცესკო-ს ხვალ მიმართავს.
"ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა გუნდში და არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვაგრძელებთ ბოიკოტს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებენ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არ დაესწრება არც ერთი ოპოზიციური პარტია. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს. ის აცხადებს, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარის თქმას და სიების განულებას გეგმავენ.