სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
როგორც ISFED-ის განცხადებაშია ნათქვამი, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
კერძოდ, ISFED-ის ცნობით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
განახლებული შედეგები ასე გამოიყურება:
ცნობისთვის, დღეს ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებს, ამ შედეგებით ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.