რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, იმ ადამიანების ვინაობას ასაჯაროებს, ვინც, მისი ინფორმაციით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა. ნავალნიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩატარებულ გამოძიებაზე დეტალურად ისაუბრა.
ოპოზიციონერის განცხადებით, მის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება ორგანიზაცია Bellingcat-მა ჩაატარა, რომელშიც მოგვიანებით თავადაც ჩაერთო.
როგორც ვიდეოში ნავალნი ჰყვება, ყველა ის პირი, რომელიც მისი მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) თანამშრომელი (კრიმინალისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქიმიკოსი, ექიმი) ან მასთან კავშირში მყოფია.
ნავალნი ამბობს, რომ ყველა იდენტიფიცირებული პირის ჩართულობა მისი მკვლელობის სპეცოპერაციაში მტკიცებულებებით არის გამყარებული, თუმცა რუსეთში გამოძება ამ დრომდე არ მიმდინარეობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მტკიცებულებების ნუსხაში არის ავიაბილეთები იმავე რეისებზე, რომლებითაც თვითონ გადაადგილდებოდა, ასევე სატელეფონო ზარებიც. ნავალნი ამბობს, რომ "სპეცოპერაციაში ჩართული ერთერთი პირი მის მეზობლად ცხოვრობს".
ნავალნი ყვება, რომ 3-4-კაციანი ჯგუფი მას სისტემატურად უთვალთვალებდა მივლინებების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რეგიონებში ჩადიოდა ვიზიტით. ის თავდასხმის კიდევ ერთ შემთხვევასაც იხსენებს, რომელიც 2017 წელს განხორციელდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაშინაც თავი ცუდად თვითმფრინავში იგრძნო, არაფერი სტკიოდა, თუმცა ჰქონდა შეგრძნება, რომ მალე მოკვდებოდა. ის ვარაუდობს, რომ მაშინაც მოწამლეს, თუმცა "დოზა ვერ გათვალეს".
ამასთან, ნავალნი ამბობს, რომ Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი: "მასზე თავდასხმაში უშუალოდ 3 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მასთან ერთად მიფრინავდნენ ტომსკიდან მოსკოვში. სამიდან ერთერთი იყო ექიმი და ქიმიკოსი. მოწამვლა მოხდა სასტუმროში, თუმცა ისევ დოზა აერიათ და სპეცოპერცია ჩავარდა".
პოლიტიკოსი განმარტავს, რომ მოწამვლის დროს დოზას აქვს დიდი მნიშვნელობა. კერძოდ, გადამეტების შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა ადგილზევე მოკვდეს, რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა და "მკვლელობის ორგანიზატორებს დიდ პრობლემას უქმნის".
ნავალნი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ 1997 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომლის მიხედვითაც ქიმიური იარაღის დამზადება იკრძალება, ხოლო არსებული მარაგების განადგურება აუცილებელია.
"შესაბამისად, ნოვიჩიკი რუსეთს არც უნდა ჰქონოდა. მით უმეტეს, არ ჰქონდა უფლება, რომ ის დაემზადა. თუმცა, გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ჩემს ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნივთიერება აღმოაჩინეს. ლოგიკურია, რომ რიგით ადამიანებს ასეთი ტიპის ნივთიარებაზე წვდომა ვერ ექნებოდათ. მისი დამზადებაც მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. ჩემზე თავდასხმა მოხდა ФСБ-ს ხელმძღვანელის დავალებით, რომელმაც დავალება თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინისგან მიიღო", - ამბობს ნავალნი.
მისივე ინფორმაციით, მოწამვლის შემდეგ, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, "ორგანიზატორებმა დაიწყეს კვალის დაფარვა". კერძო, "გააქრეს მისი ტანსაცმელი, სასტუმროში არსებული კამერების ჩაწერებიც, ააგორეს შავი პიარი მის წინააღმდეგ, ექიმები აჭიანურებდნენ მის გადაყვანას გერმანიაში".
ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.