logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს ტოვებს

15 დეკ 202009:14
3 წუთის საკითხავი
clock 2329

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. 

ვაშაძე Facebook გვერდზე წერს, რომ ის არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა."

"მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები.

 არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.

ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას",-წერს ვაშაძე.

 ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმა. როგორც ის განმარტავს, ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.
 
"შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
 
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.
ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს",-წერს ვაშაძე.
 
 
 

 


close დახურვა