logo
ENG



აფრიკის დასახლებაში 8 წლის ბიჭის სახლის დანგრევის შეჩერებაზე სასამართლოს მიმართეს

18 დეკ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 
აფრიკის დასახლებაში 8 წლის ბიჭის სახლის დანგრევის შეჩერებაზე სასამართლოს მიმართეს

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის დანგრევის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევა კვირას, 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ ეს არის 6-წევრიანი ოჯახი, სადაც ცხოვრობენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები, მათი 3 შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ხანდაზმული ბებია.

"მათ 7 დეკემბერს მიუვიდათ წერილი, რომ უნდა დაადასტურონ შენობის მშენებლობის კანონიერება, წინააღმდეგ შემთხევაში იგეგმება დემონტაჟი. 14 დეკემბერს დაურეკეს ისევ მერიიდან და უთხრეს, რომ 20 დეკემბრამდე უნდა დაცალონ სახლი", - ყვება იურისტი ანა აბაშიძე.

მისივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან და თუ მათ სახლს დაანგრევენ, ქუჩაში აღმოჩნდებიან:

"დევნილებისთვის განკუთვნილ საცხოვრისში ცხოვრობდნენ, რომელიც ინგრეოდა და აღარ გამოდგებოდა. მათ ააშენეს ეს სახლი, როგორც სხვებმა. სოციალურად დაუცველები არიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს პენსია და ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი. შშმ პირის პენსიით ააშენეს ეს სახლი. რამდენიმე თვის თანხა ერთად გამოიტანეს და ისე. როგორც ვიცით, 3 თვის აშენებულია ეს სახლი".

იგი ასევე ამბობს, რომ სამართლებრივად, ყველანაირი საფუძველი არსებობს, ეს ოჯახი არ გამოასახლონ და სახლი არ დაანგრიონ:

"სასამართლოს უნდა შეაჩეროს დემონტაჟი, სხვა შემთხვევაში, არც ბავშვთა კოდექსი არსებობს, არც ბავშთა კონვენცია მოქმედებს და არაფერი ჩვენს ქვეყანაში".

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით გუშინ რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.

ფოტო: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 


close დახურვა