N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომელებს გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრალდებულების მიმალვის და დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.
ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და რომლის გათავისუფლებასაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯგუფურად 2 ნოემბერს დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.