
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძისთვის წარმოუდგენელია, რომ ISFED-მა ამერიკული ფულით თავად გადაწყვიტა PVT მონაცემები გააყალბოს.
მდინარაძე ვარაუდობს, რომ საქმეში "ბინძური ჩარევა მოხდა".
"პირადად, ჩემი რწმენაა და ვერასდროს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ელენე ნიჟარაძემ ან ISFED-ის რომელიმე წარმომადგენელმა თვითონ გადაწყვიტა გაეყალბებინა ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები. ეს გამორიცხულია, რომ არა ჩარევა, მე ასეთი რწმენა მაქვს", - ამბობს მდინარაძე.
კითხვაზე: ვისი მხრიდან მოხდა ჩარევა, მდინარაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს.
"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ჩაერია, მაგრამ ყველა შემთხვევაში თუკი შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, ეს შეიძლება გაჩნდეს იმ პარტიების მისამართით, რომლებიც დღეს ჯიუტად, არგუმენტების გარეშე თუთიყუშებივით იმეორებენ ერთმანეთისგან გადაღებულ ფრაზას - არჩევნები გაყალბდა" , - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ის აგრეთვე ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სამეურვეო საბჭომ ელენე ნიჟარაძეს ISFED-ის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინა. მდინარაძის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ და სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე გადადგა.
"ქართულ ოცნებასა და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებულა და არა არჩევნები. ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს თავმჯდომარის და როგორც თქვენ ახლა მიყვებით, ელენე ნიჟარაძე გადადგა. ნამდვილად სასაცილო სიტუაცია იქნებოდა ეს, რომ არ შეეხებოდეს ქვეყანაში ერთერთ ფუნდამენტურ საფუძველს - არჩევნებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ორგანიზაციის ხმაურიანი გადაწყვეტილება - 11 დეკემბერს მათ 31 ოქტომბრის სადავო არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.
სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ შეცდომა პროგრამაში არასწორმა ფორმულამ გამოიწვია.
ამ ფონზე, მმართველი გუნდი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს და აცხადებს, რომ სწორი არც ISFED-ის სხვა მონაცემები იქნება - სამართლიანი არჩევნები 1-ლი ნოემბრიდან ამტკიცებს, რომ დისბალანსი უბნების 8%-ში გამოვლინდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მონაცემზე გავლენა, მათ შორის, არც პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებასა და შეცვლას მოუხდენია.
ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები არაფერს ცვლის არჩევნების გაყალბების მტკიცებაში, რადგან ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს მოსყიდვას, დაშინებას, ე.წ. კარუსელებსა და ხმების ჩაყრას.