logo
ENG



ვაშაძე ოცნებას: ISFED-მა პასუხები გასცა, არ დაიღალეთ ამდენი ჭორების და ზღაპრების შეთხზვით?!

25 დეკ 202018:37
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციური ქმედებები იკვეთება. 

ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე ყველა კითხვას პასუხი გაეცა, თუმცა დასძენს, რომ ISFED-მა თემის გამჟღავნება დააგვიანა, რაც პოლიტიკოსის შეფასებით, ცუდია. 

"ვწუხვარ, რომ მათ ასეთი შეცდომა დაუშვეს, რასაც თვითონ ამბობენ და ეს ციფრებითაც, თუ მათემატიკურადაც დასტურდება. მეორე ის რომ აღმასრულებელმა მდივანმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ძალიან ცუდია, რომ მათ დააგვიანეს ამ თემის გამჟღავნება. მესმის ბევრი ადამიანის გულისწყრომა. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ისევ დაიწყო, რომ - აი ვიღაცა რევოლუციას გეგმავდა, ვიღაცა რაღაცის გაყალბებას აპირებდა, მიზანმიმართულად ხდებოდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. 

მან მმართველ გუნდსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მანიპულაციური განცხადებები განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ქვეყანა ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება. ვაშაძის თქმით, "მმართველმა გუნდმა იმ მძიმე კრიზისიდან, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, გაკვეთილი ვერ გამოიტანა". 

"მინდა მათ მივმართო: ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისით. არ დაიღალეთ ამდენი ჭორების და ზღაპრების შეთხზვით? კატასტროფული ვითარებაა. ნებისმიერ თემას შეუძლიათ ყური მოაბან ნებისმიერი მხრიდან, ამიტომ ვართ უმძიმეს მდგომაროებაში. არაფერი სიახლე არ არის, და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ჰგონიათ რომ ქვეყანას მაგრად მართავენ...ამ კრიზის დროსაც, როცა ასეთი მანიპულაციური ქმედებები გვესმის ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა მათთან მიმართებაში უნდობლობას აღრმავებს", - ამბობს ვაშაძე. 

ცნობისთვის, 11 დეკემბერს ISFED-მა პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა. ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.

ამ ფონზე, მმართველი გუნდი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს და ამბობს, რომ ISFED-ის წარმომადგენლებმა ხმების დამთვლელ ფორმულაში ხარვეზი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაუშვეს, რასაც სპეკულაციას და არჩევნების რეალური ხარვეზებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები არაფერს ცვლის არჩევნების გაყალბების მტკიცებაში, რადგან ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს მოსყიდვას, დაშინებას, ე.წ. კარუსელებსა და ხმების ჩაყრას.

ამ მოვლენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოყვა. 


close დახურვა