logo
ENG



ხოშტარია: არ გადავდივარ სხვა პარტიაში, ვგეგმავ ახალი პლატფორმის შექმნას

28 დეკ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/28/wvj7rbb7syyzvj3.png

ევროპული საქართველოდან წასული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს.

მისი თქმით, ის ახალი პლატფორმის, ახალი ძალის შექმნას აპირებს. მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხი.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს, ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა და ამაზე დეტალურად საზოგადოებას გავაცნობ", - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ბრძოლის გაგრძელებას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, რაზეც მან დააზუსტა:

"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინაღმდეეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას".

ხოშტარიამ ევროპულ საქართველოს და პარტიის წევრებს მადლობა გადაუხადა. 

ხოშტარიას მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 დეკემბერს გავრცელდა. პარტიაში ამბობენ, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.


close დახურვა