დღეს ცესკოში გაიმართება სხდომა, სადაც 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს განიხილავენ. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ.
ცესკოში ასევე ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
"იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. თუმცა, ბოლო პერიოდში დაინტერესებული მხარეების მხრიდან, მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა და განმარტებებისა, იყო საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს.
თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხების შესახებ საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას, ასევე პროცესების გამჭვირვალედ წარმართვას, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და მანიპულაციის საფუძველი სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით"- აცხადებენ ცესკოში.
დეტალური ინფორმაცია სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.