logo
ENG



სკანდალურ აუდიოჩანაწერში ტრამპი ჯორჯიას შტატის მაღალჩინოსანს ხმების გადათვლას სთხოვს

04 იან 202117:59
3 წუთის საკითხავი
clock 4232
2021/01/04/ji34fum6l13vh4g.jpg

ავტორიტეტულმა გამოცემა Washington Post-მა შაბათს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ერთსაათიანი სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც დონალდ ტრამპი ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს ბრედ რაფენსპერგერს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით "ხმების პოვნას" სთხოვს და მას ბუნდოვნად "სისხლის სამართლის დანაშაულით" ემუქრება. 

ტრამპმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის გამოცხადების შემდეგ 9 კვირის განმავლობაში უკანონო ხმებსა და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, სატელეფონო საუბრისას რაფენსპერგერს უთხრა, რომ მან შტატის ხმები უნდა გადაითვალოს, რათა 16 დელეგატის ხმა ბაიდენის ნაცვლად, სწორედ ტრამპს მიენიჭოს. 

"მხოლოდ 11 780 ხმის პოვნა მჭირდება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე გვაქვს", - ეუბნება მოქმედი პრეზიდენტი შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენელს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში. 

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტს კიდევ 17 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივანს საუბრისას მიანიშნა, რომ რაფენსპერგერი და რაიან ჯერმანი, რომელიც სახელმწიფო მდივნის მთავარი ადვოკატია, მისი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გასამართლდნენ. 

"შენ იცი, მათ რაც გააკეთეს და ამაზე საჯაროდ არ საუბრობ", - ამბობს ტრამპი ჩანაწერში, - "შენ ხომ იცი, რომ ეს დანაშაულია, სისხლის სამართლის დანაშაული. და იცი, რომ ამას ვერ დაუშვებ. ეს დიდი რისკი იქნებოდა შენთვის და რაიანისთვის, შენი ადვოკატისთვის. დიდი რისკი". 

სამართლის ექსპერტების ცნობით, არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტის მხრიდან ჯორჯიას რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებისა და მუქარის მცდელობა, შტატის კანონმდებლობის მიხედვით, საქმის აღძვრის შესაძლებლობას იძლევა. 

საპრეზიდენტო მარათონი, ყველა პროცედურული სტანდარტის გათვალისწინებით, დიდი ხანია უკვე დასრულდა. ხმის დათვლის შედეგები ქვეყნის ყველა შტატმა უკვე დაამოწმა, რესპუბლიკელი კანდიდატის სასამართლო საჩივრები კი ქვეყნის არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მათ შორის, არც თავად ტრამპის პრეზიდენტობის დროს კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ. 

მრავალ კრიტიკოსს ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანთან გამოქვეყნებულმა სატელეფონო ჩანაწერმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო ჩანაწერი გაახსენა, რომელშიც ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ყალბი გამოძიების დაწყებას ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების ბერკეტის გამოყენებით სთხოვდა, რომლის გამოც 2019 წელს, საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებიც კი დაიწყო. 

2020 წლის არჩევნების შედეგების დამოწმებას კონგრესი 6 იანვრის სესიაზე გეგმავს, მიუხედავად ტრამპის რამდენიმე მოკავშირის საჯარო პირობისა, რომ შედეგების დამოწმების პროცედურას წინააღმდეგობას გაუწევდნენ, განსაკუთრებით რამდენიმე შტატში, მათ შორის, ჯორჯიაში. 

ტრამპი სატელეფონო საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ რაფენსპერგერის ადმინისტრაცია პრობლემას სამშაბათამდე, ჯორჯიას შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურებამდე გამოეხმაურება. სწორედ არჩევნების მეორე ტურებში წყდება, თუ რომელ პარტიას ეყოლება სენატში უმრავლესობა. პრეზიდენტს ორშაბათს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები აქვს დანიშნული ამჟამინდელი რესპუბლიკელი სენატორების დავიდ პედიუსა და კელი ლოფლერის მხარდასაჭერად. 

"ჩემი აზრის ეს პრობლემა არჩევნებამდე უნდა მოგვარდეს", - ამბობს ტრამპი ჩანაწერში, - "სხვა შემთხვევაში ხალხი ხმას არ მოგცემთ". 

"მათ არ სურთ ხმის მიცემა", - ამბობს რესპუბლიკელი პრეზიდენტი, - "მათ სძულს შტატი, სძულთ გუბერნატორი და სძულს სახელმწიფო მდივანიც". 

მან ასევე დასძინა: "ჯორჯიას შტატის მცხოვრებლები გაბრაზებულები არიან, ქვეყნის მცხოვრებლებიც გაბრაზებულები არიან. და პრობლემა არ იქნება თუ იტყვი, რომ გადათვლა გადაწყვიტე". 

თავად შტატის სახელმწიფო მდივანი ზრდილობიანად, თუმცა მტკიცედ ამბობს უარს პრეზიდენტის თხოვნაზე, არჩევნების შედეგებს აღიარებს და პერმანენტულად ატყობინებს პრეზიდენტს, რომ მას და მის მოკავშირეებს არჩევნების გაყალბების შესახებ არასწორი ინფორმაციები მიაწოდეს. 

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ არასწორი მონაცემები მოგაწოდეს", - აღნიშნა რესპუბლიკელმა მაღალჩინოსანმა. 

სამართლის ექსპერტები განმარტავენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების მცდელობის წინააღმდეგ ჯორჯიას შტატის კანონმდებლობა დაარღვია, ბატონ რაფენსპერგერზე ზეწოლის მოხდენის გზით. 

ერთ-ერთი შტატის კანონმდებლობა დანაშაულად ცნობს "მოთხოვნას, ბრძანებას, დაჟინებულ თხოვნას თუ სხვაგვარ მოწოდებას სხვა ადამიანის მიმართ, არჩევნების გაყალბებაში მისი ჩართვის მიზნით". საარჩევნო ადამინისტრაციის წარმომადგენლისთვის "ხმების პოვნის" მოთხოვნის გამო, შესაძლოა, პრეზიდენტი ჯორჯიას შტატის კანონმდებლობით გასამართლდეს, როგორც კრიმინალური მართლმსაჯულების ექსპერტი რაიან ლოკი განმარტავს. "ის სთხოვს სახელმწიფო მდივანს, რომ იპოვნოს ხმები, რათა მან მოიგოს, ხმები, რომელიც სინამდვილეშის მას არ ეკუთვნის", - განმარტავს ლოკი, - "თავად ჩანაწერი უდაოდ საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს. სავარაუდოდ, ჩანაწერი ბრალდების წასაყენებლადაც საკმარის სამართლებრივ საფუძველს იძლევა". 

სამართლის ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ ტრამპმა, შესაძლოა, იძულების საწინააღმდეგო კანონმდებლობაც დაარღვია. თუმცა სხვა სამართლისმცოდნეებთან ერთად ლოკიც დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ პროკურორები გამოძიებას არ დაიწყებენ, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ დღეებში. 

ვიცეპრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა ჯორჯიას შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურებში დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერად გამართულ სპეციალურ შეხვედრებზე განაცხადა, რომ ტრამპის სატელეფონო ჩანაწერი "სასოწარკვეთილი ამოძახილია". 

"ეს იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აშკარა, ხილული, თამამი მცდელობა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან", - დასძინა ჰარისმა. 

სენატორმა რიჩარდ დურბინმა, რომელიც სენატში ილიონისის შტატის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ პრეზიდენტის ზარი "საცოდავი, ილუზიებით ნაკარნახევი ირაციონალური ბრაზია გაუწონასწორებელი და საშიში ადამიანის მხრიდან" და დაამატა, რომ ტრამპის რესპუბლიკელი მოკავშირეები "ძალაუფლების უშფოთველ, მშვიდობიან ტრანზიციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებენ". 

ყოფილმა სპიკერმა პოლ რაიანმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში პოზიცია არ გამოუხატავს, კვირას საკუთარ კოლეგებს მოუწოდა, შეგუებოდნენ არჩევნების დეკლარირებულ შედეგებს, არაღიარების გადაწყვეტილებას კი ყველაზე "არადემოკრატიული და არაკონსერვატორული აქტი" უწოდა. 

"ტრამპის კამპანიას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა, ეჭქვეშ დაეყენებინა და გაესაჩივრებინა არჩევნების შედეგები, თუმცა ეს მცდელობები ჩაფლავებით დასრულდა, სამხილების არარსებობის გამო", - განაცხადა რაიანმა, - "თუ შტატებს საარჩევნო პროცედურების რეფორმირება სურთ, ეს მათი პრეროგატივაა. თუმცა ჯო ბაიდენის გამარჯვება აბსოლუტურად ლეგიტიმურია". 

თავდაცვის 10-მა ყოფილმა მდივანმა ორივე პარტიიდან, Washington Post-ში ერთობლივი მოსაზრება გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ არ შეიძლებოდა, სამხედრო ძალები არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში ჩართულიყვნენ. "გუბერნატორებმა უკვე დაამოწმეს შედეგები. საარჩევნო კოლეგიამ კი ხმა უკვე მისცა. არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენების დრო უკვე გავიდა". 

მდივან რაფენსპერგერის მისამართით სატელეფონო ზარი თეთრი სახლიდან შაბათს, 14:41 სთ-ზე განხორციელდა, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ტრანზიციის ბორდმა ოფისში ბოლო ორი თვის განმავლობაში 18 ზარი განახორციელა. შაბათის ზარი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბატონი რაფენსპერგერი პირდაპირ პრეზიდენტს ესაუბრა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მის მიმართ შეურაცხმყოფელი რამდენიმე განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

შტატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სატელეფონო ზარი ჩაიწერეს, თუმცა Washington Post წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავად სახელმწიფო მდივანმა მოადგილეებს უთხრა, არ გამოექვეყნებინათ ჩანაწერის ტრანსკრიპტი მანამ, სანამ პრეზიდენტი შტატის წარმომადგენლებს თავს არ დაესხმებოდა, ან საუბრის შინაარსის არასწორ ინტერპრეტაციას არ მოჰყვებოდა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, თავდასხმა კვირა დილას გამოქვეყნებულ ტვიტში მოხდა, რომელშიც ტრამპმა განაცხადა, რომ მდივან რაფენსპერგერს "არ სურდა, ან არ შეეძლო პასუხები გაეცა ხმების გაყალბების, ბიულეტენების განადგურების და გარდაცვლილი ამომრჩევლების შესახებ არსებულ კითხვებზე". 

"ის აზრზე არ არის", - დაწერა ტრამპმა. 

პრეზიდენტის პასუხად, რაფენსპერგერმა ტვიტერზე დაწერა: "პატივისცემით, პრეზიდენტო: თქვენ რასაც ბრძანებთ, არასწორია. სიმართლე აუცილებლად გაირკვევა". სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში გასაჯაროვდა. 

დევიდ შაფერმა, ჯორჯიას შტატში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მისი "უკანონო შინაარსი" იყო. 

სატელეფონო საუბრის განმავლობაში, პრეზიდენტმა კიდევ რამდენიმე საჯარო ბრალდებაზე ისაუბრა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, მან გაიხსენა, რომ ფულტონის ოლქში ხმის დამთვლელი აპარატურა გამოცვალეს, რასაც სახელმწიფო მდივნის ადვოკამა რაიან ჯერმანიმ ტყუილი უწოდა. 

"თქვენ თავად უნდა გსურდეთ, რომ წესიერი არჩევნები გქონდეთ. თანაც რესპუბლიკელი ხარ", - უთხრა პრეზიდენტმა რაფესნპერგერს, რომელმაც უპასუხა, რომ "ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს კიდეც პატიოსანი არჩევნები". 

ტრამპმა უპასუხა: " არა, არა, არა, არ გაქვთ. ახლოსაც კი არ ხართ. დაახლოებით ასობით ათასი ხმით ხართ რეალურ მონაცემებს ამცდარი". 

რაფენსპერგერისა და ტრამპის გარდა, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ ბატონი ჯერმანი, სახელმწიფო მდივნის ადვოკატი და ჯორდან ფუქსი, რაფენსპერგერის მოადგილე. ასევე ხაზზე იყვნენ თეთრი სახლის სტაფის ხელმძღვანელი მარკ მედოუსი და კლეტა მიჩელი და კურტ ჰილბერტი, ტრამპის ადვოკატები. 

მიტჩელი და მედოუსი რაფენსპერგერის იძულებას ცდილობდნენ, რათა მას ამომრჩეველთა კონფიდენციალური მონაცემთა ბაზა გადაეცა, რითიც საკუთარ ბრალდებებს გაამყარებდნენ, თუმცა საუბარში ძირითადად პრეზიდენტი ტრამპი მონაწილეობს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ჯორჯიას შტატში 5 000-მა გარდაცვლილმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რასაც რაფენსპერგერმა ტყუილი უწოდა. 

"სინამდვილეში ეს რიცხვი 2-ს უტოლდება", - განაცხადა რაფენსპერგერმა, - "მხოლოდ ორი გარდაცვლილი ამომრჩევლის ხმა გამოვლინდა. ასე რომ ეს არასწორია". 

ტრამპმა ასევე შტატის სახელმწიფო მდივანს გაახსენა, რომ ატლანტაში ხმების დათვლის პროცესში გადაღებული კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყრის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყუთში ბიულეტენებს, რაფენსპერგერი კი პასუხობს, რომ ვიდეო სინამდვილეში ტრამპის ადვოკატებმა შერჩევით დაამონტაჟეს.

"მათ დაჩეხეს ეგ ვიდეო და კონტექსტიდან ამოგლიჯეს", - ამბობს რაფენსპერგერი, - "სინამდვილეში რაც მოხდა, არაფერი აქვს კავშირი იმასთან, რაც გავრცელდა". 

როდესაც რაიან ჯერმანიმ პრეზიდენტს უთხრა, რომ რამდენიმე ბრალდება ჯორჯიას შტატის საგამოძიებო და ფედერალურმა ბიუროებმა მოიკვლიეს და ბრალდებები არასწორად მიიჩნიეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ისინი შეცდნენ. 

"ისინი არაკომპეტენტურები არიან", - განაცხადა მან, - "მხოლოდ ორი პასუხი მაქვს ამაზე - უსინდისობა და არაკომპეტენტურობა". 

"ხალხი ამბობს, რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გამოცხადება იყო", - ეუბნება პრეზიდენტი რაფენსპერგერს და აცხადებს, რომ გაყალბებული ხმების რაოდენობა ბევრად აღემატება ბაიდენის გამარჯვების მიჯნას, - "პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ არარსებული იყო მე დავემარცხებინე". 

დონალდ ტრამპის საჯარო ბრალდებების მიუხედავად აშშ-ში საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ცვლილების პროცესი უკვე დაწყებულია. არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს შედგება. ოფიციალური მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა ტრამპი 306 დელეგატის ხმით დაამარცხა, 232-ის წინააღმდეგ. არჩევნების ბედი ე.წ მერყევმა შტატებმა, არიზონამ, ვისკონსინმა, მიჩიგანმა, პენსილვანიამ და ჯორჯიამ გადაწყვიტეს. 


close დახურვა