logo
ENG



მაჭავარიანმა განმარტა, ვინ მიიღებს 6 თვის მანძილზე მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას

08 იან 202117:42
3 წუთის საკითხავი
clock 1472
მაჭავარიანმა განმარტა, ვინ მიიღებს 6 თვის მანძილზე მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.

მაჭავარიანმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზეც ფორმალურ სექტორში დასაქმებულები, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, 6 თვის მანძილზე 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. 

მინისტრის განმარტებით, კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან -  2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ  თვეს, ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). 

"აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით უნდა მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.  ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

როგორც მან აღნიშნა, ამ საკომპენსაციო პაკეტისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150,0 მილიონი ლარი.


close დახურვა