logo
ENG



ნაკაიძე: ის, რაც გურიაში ხდება, უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაა

13 იან 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock 994
ნაკაიძე: ის, რაც გურიაში ხდება, უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაა

ევროპული საქართველოს წევრი, ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკა რელიგიური თუ სხვა უმცირესობების მიმართ 2012 წლიდანვე პრობლემურია. 

მან ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში გურიაში განვითარებული მოვლენები შეაფასა  - ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ მათ ქრისტიანები ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი კი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ტარიელ ნაკაიძემ ნიგვზიანში, ჭელაში, მოხეში, ქობულეთსა და სხვა სოფლებში სხვადასხვა დროს მომხდარი შემთხვევები გაიხსენა, როცა მუსლიმ თემს რელიგიის თავისუფლება სხვადასხვა ფორმით შეუზღუდეს და თქვა, რომ ხელისუფლება ვითარებას ადეკვატურად არც სამართლებრივ, არც პოლიტიკურ ჭრილში არ აფასებს, რაც ქმნის საფუძველს, რომ მსგავსი პრეცედენტები განმეორდეს.

"ის დუმილი, რასაც ვხედავ ხელისუფლებიდან, არ მაძლევს იმედს, რომ რამე რეალური და სწორი გაკეთდება, სწორად იქნება ეს პრობლემა აღქმული. მნიშვნელოვანია, ხელისუფალმა გაიგოს, რომ აღნიშნულ ფაქტს სჭირდება სწორი რეაგირება. წინააღმდეგ შემთვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსმა ფაქტებმა კიდევ იჩინოს თავი, როცა არ ხდება დანაშაულის პრევენცია და ხდება წახალისება. დანაშაული არ ისჯება, ეს წახალისებაა". - თქვა ნაკაიძემ

მისივე შეფასებით, ის, რაც ჩოხატაურში ხდება, არა მხოლოდ მუსლიმების უფლებების შელახვა, არამედ ზოგადად საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მიმართ არსებული პოლიტიკა. 

"ამ პროცესს არ განვიხილავ მხოლოდ მუსლიმების უფლებების დარღვევად. ეს არის საქართველოში უმცირესობების მიმართ არსებული პოლიტიკა. როცა საქართველოში საბჭოთა კავშირის გადმონაშთი უწყება, რელიგიის საკითხთა სააგენტო ცდილობს, კონტროლი განახორციელოს და უმცირესობები დაინახოს მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში, როცა ეს დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს, მისგან არაფერ პოზიტიურს არ ველოდები, სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის ყველა ჩვენგანის ქვეყანა". - ამბობს ტარიელ ნაკაიძე. 

მან იმედი გამოთქვა, რომ დომინანტური რელიგიის წარმომადგენლები გამოხატავენ თავის პოზიციას გურიაში მომხდართან დაკავშირებით. თუმცა, მისი თქმით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, პრობლემა სახელმწიფომ მოაგვაროს, ვინაიდან კანონის აღსრულება სწორედ მას ევალება. 

"თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საპატრიარქომაც გამოხატოს პოზიცია".- თქვა მან. 


close დახურვა