logo

აღარ დამირეკოთ! რა ხდება მაშინ, თუ ის აქ მართლა არ არის - გიორგი თარგამაძის Op-Ed

13 იან 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock 611
აღარ დამირეკოთ! რა ხდება მაშინ, თუ ის აქ მართლა არ არის - გიორგი თარგამაძის Op-Ed

თუ ვინმემ იცის, რა სასტიკია პოსტ-საბჭოთა სივრცის პოლიტიკურ რეალობაში ძალაუფლების დაკარგვა, ეს ჭორვილაში დაბადებული, სიღარიბესა და გაჭირვებაში გაზრდილი, 90-იანი წლების ველურ რუსეთში გამდიდრებული, "ანაკონდად წოდებული” და ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ბიძინა ივანიშვილია. 

ისიც კარგად იცის, რომ ძალაუფლების დათმობა მისივე პოლიტიკური პირმშოს, ქართული ოცნების პოლიტიკურ მოედანზე სიკვდილის პირისპირ დატოვებას ნიშნავს. რაც ძალიან ჰგავს ზოოპარკში გაზრდილი ცხოველების ველურ ბუნებაში გაშვებას, რომლებიც შიმშილისგან გადასარჩენად ჯერ ერთმანეთს დაჭამენ. ხოლო მას რომელიც გადარჩება, მოგვიანებით უკვე ჯუნგლების მკაცრი რეალობა ან რომელიმე მისი ველური თანამოძმე მოუღებს ბოლოს.

ამიტომ, ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობა-არდათმობაზე მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ რომ დაიჯეროს რომელიმე მხარემ (ოცნებამ ან ოპოზიციამ), რომ იგი მართლაც გადის თამაშიდან და პოლიტიკური პროცესისგან სრულად თვითიზოლირდება, თავად მის პარტიაში დაგლეჯენ ერთმანეთს. დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ თეამ თმებით ითრიოს ირაკლი, ირაკლიმ - გიორგი, გიორგიმ კახა ან  პირიქით. ამასობაში, სანამ ოცნებაში ეს “სიამტკბილობა" იქნება, თუ მეორე მხარე, ანუ ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მეფე დაუძლურდა და გაიქცა, მიუხედავად მიზეზებისა: მოსწყინდა, დაბერდა, კანტთან კამათი თუ შვილიშვილან თამაში მოენატრა, ისეთი ძალით მიაწვება ოცნებას, რომ კობახიძის, გახარიას, კალაძისა თუ თალაკვაძის მუხლები ნამდვილად ვერ გაუძლებს უზარმაზარი ბალასტის წონას და ხუხულასავით ჩამოიქცევა. პოლიტიკის მკაცრი კანონი კი გვეუბნება, რომ ძალაუფლების ვაკუუმი დიდხანს არ ნარჩუნდება და  პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე ძლიერი ავსებს მას.

ეს ყველაზე ძლიერი კი ამ ეტაპისთვის კვლავ მიშაა, რომელიც ივანიშვილმა დღემდე ვერ ან არ გაანადგურა და რომელიც მიუხედავად იმისა რომ მთავარ მოწინაარმდეგესა და მტრის ხატს დაკარგავს, პოლიტიკურ მოედანზე უმხვილეს მოთამაშედ დარჩება.

ამის შემდეგ კი უბრალოდ დროის საკითხი იქნება, როდის ამოქმედდება პოლიტიკის დაუნდობელი კანონი, რომელიც სხვა რეალობას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ოცნების გუნდიდან  სამაგალითოდ დასასჯელები ჯვარზე გააკრას, ვისაც რამე ღირებულება აქვს, ბოლომდე გამოიყენოს, შემდეგ კი ისინი, დანარჩენებთან ერთად, პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლოს. თავად ივანიშვილს რაც შეეხება, მას ტკბილ ლუკმად მოიტოვებს, და თუ ქვეყანა არ დატოვა და დროულად თუნდაც საფრანგეთში არ წავიდა (ჩვენი ინფორმაციით, ეს ვერსია შესაძლოა სერიოზულადაც განიხილებოდეს), ფულს, ქონებას, აქტივებსა და რესურსებს სრულად ჩამოართმევს და იქ გააგზავნის სადაც მან თავად გააგზავნა 2012 წელს არჩევნებში დამარცხებული გუნდის პირველი პირები. და სულაც არ მგონია, რომ მურუსიძის სასამართლოს ენთუზიაზმი არ ეყოს ამის გასაკეთებლად.

ამიტომაც თითქმის წარმოუდგენელია, რომ პოსტსაბჭოთა სისასტიკის ავტორთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის  "მცოდნესა და მკვლევარს", რომელსაც დღეს ქართული სახელმწიფოს მართვის ყველა ბერკეტი ჯიბეში აქვს,  ასე, უბრალოდ დაეთმო ძალაუფლება, თამაშიდან გასულიყო და საფრთხის ქვეშ დაიყენებინა მისთვის ყველაზე ძვირფასი: საკუთარი თავის, ოჯახის და მისი აქტივების უსაფრთხოება.

ლოგიკა კი გვკარნახობს, რომ ბიძინა არსად მიდის, არც ძალაუფლებას თმობს, და რომც უნდოდეს, ვერ დათმობს, რადგან ის უკვე არა მარტო ძალაუფლების, არამედ საკუთარი ნაბიჯების მძევალია. იმ ნაბიჯების, რომლებითაც მან ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასული ლიდერები ციხეში გაუშვა, რითაც ძალაუფლების დათმობის შემთხვევაში საკუთარი მომავლის ტრაექტორიაც მოხაზა. ამიტომაც, ის ძალუფლებას კი არ თმობს, არამედ სრულად ჩრდილში გადადის. უბრალოდ აღარ უნდა, რომ ასე ძვირფასი დრო, ნერვები და ენერგია იმ სახელმწიფოსა და ადამიანებს დაუთმოს, რომლებიც ისედაც ბოლომდე მას ეკუთვნის და ემსახურება.

ამქვეყნიურ საქმეებთან დაკავშირებით სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე მოკვდავს ექნება კონტაქტი “ღმერთკაცთან", რომელიც უკვე 65 წლისაა და შვილიშვილთან თამაში, ხეებთან ჩახუტება და საუბარი და უბრალოდ ფილოსოფია მოენატრა. კაცს ბოლოს და ბოლოს დანაპირები აქვს შესასრულებელი და მომავალი თაობის აღზრდის მეთოდებზე წიგნი აქვს დასამთავრებელი, რომელსაც მსოფლიოს მთავრობები მოუთმენლად ელოდებიან.



close დახურვა