logo
ENG



ღავთაძე: რელიგიის სააგენტო არასდროს საუბრობს ძალადობაზე რელიგიური, შეუწყნარებლობის ნიშნით 

14 იან 202114:03
3 წუთის საკითხავი
clock 935

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე ფორმულას ეთერში რელიგიის სააგენტოზე ლაპარაკობს, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ფორმალურად პრემიერმინისტრისა და მთავრობისთვის რელიგიის საკითხებზე რეკომენდაციების გაწევა ევალება. 

თუმცა, პრაქტიკაში ის არ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას და უხეშად ერევა რელიგიური უმცირესობების ავტონომიაში. 

მაკო ღავთაძე ამბობს, რომ სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების დავალებით მუშაობს. 

"რელიგიის სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა უსაფრთხოების სამსახურების გარკვეული მოქმედებები უმცირესობების მიმართ, ეს განსაკუთრებით მუსლიმების წინააღმდეგ ჩანს ყველაზე ხშირად. 2013 წელს სუს-ში დაბარებით შეიხი ვაგიფ ახპეროვი აიძულეს, დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა". -თქვა მან. 

ღავთაძის თქმით, პირველივე დოკუმენტში, რომელიც სააგენტომ შეიმუშავა, ეხებოდა არა უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილში უნდა ხედავდეს უმცირესობებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ. 

"2017 წელს სახელმწიფოს მცდელობა ჰქონდა, კონსტიტუციაში ჩაეწერა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით და ჩაწერა კიდეც. რომ არა დიდი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურება, ეს ჩანაწერი ისევ იარსებებდა კონსტიტუციაში. 

სააგენტო უხეშად ერევა რელიგიური უმცირესობების ავტონომოურობაში და ეს არაერთ გადაწყვეტილებაში გამოჩნდა, მათ შორის მაშინაც, როცა ისინი ცდილობენ, მოიპოვონ მშენებლობის ნებართვა ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობის მშენებლობისთვის. მუნიციპალიტეტები სწორედ სააგენტოს მითითების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას, გასცენ თუ არა ასეთი ნებართვა. ბათუმის მეჩეთი ამისი ძალიან კარგი მაგალითია. 

ვერ ნახავთ სააგენტოს მხრიდან ვერც ერთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობისა და რელიგიის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ვერ ვნახავთ სააგენტოს განცხადებებს ძალადობაზე რელიგიური ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე და ა.შ". - თქვა მაკო ღავთაძემ

რელიგიის სააგენტოს შესახებ მან გადაცემა კომენტარში ბუკნარში განვითარებული მოვლენების ჭრილში ისაუბრა.

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ ბუკნარში ერთ-ერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის. 

12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.   

დღეს, 14 იანვარს მუსლიმი თემი კვლავ შეიკრიბა ჩოხატაურის მერიასთან. ისინი ითხოვენ პირობას, რომ მუსლიმ მრევლს ლოცვაში ხელი არ შეეშლება. "ისევ ჩვენ წავალთ კომპრომისზე, არ შევაწუხებთ ქრისტიან ძმებს". - ამბობენ ისინი. 

პარტია ლელოს შეფასებით, სტრუქტურა (რელიგიის სააგენტო), რომელიც მსგავს ინციდენტებზე უნდა რეაგირებდეს, სუს-ის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ბუკნარში განვითარებული მოვლენები "შეიძლება იყოს იმის გაგრძელება, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია". 


close დახურვა