logo
ENG



სრულიად საქართველოს მუფთი: არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას

14 იან 202115:56
3 წუთის საკითხავი
clock 1612
სრულიად საქართველოს მუფთი: არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას

ბუკნარში სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩავიდა. 

მან თქვა, რომ იქ ვითარების განსამუხტად ჩავიდა. მისივე თქმით, ის, რაც ბუკნარში ხდება, პროვოკაციაა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი მხრიდან. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ჩართული პროცესში მესამე მხარე, შანთაძემ უპასუხა: "არ ვიცი, შეიძლება". 

მუფთის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არის პირობა, რომ მუსლიმებს ლოცვაში ხელი არ შეეშლებათ.

"მე იმ საღამოს ვიყავი ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს. მთავარია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ, მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის, ერთი ერის ხალხი ვართ. ეს ქვეყანა ყველასია. 

არ მიეცეს საშუალება რამე პროვოკაციას, რომ მოხდეს დაპირისპირებები. ეს ინციდენტი უნდა ამოვწუროთ. 

ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა, სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ჩვენ უნდა გავისარჯოთ და დავიხარჯოთ იმისთვის, რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, როცა გაიმართა შეხვედრა და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც თქვა, რომ მხარში გვიდგანან, პრობლემა არ იქნება". - თქვა ადამ შანთაძემ

თუმცა, მუსლიმი მრევლისთვის მუფთის განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ მუფთს უსაყვედურეს იმის გამო, რომ გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა. 

"ერთი თვის წინაც იცოდა, რომ ეს პროცესები მიმდინარეობდა. რა გააკეთა, ხელი შეუწყო? შეუშალა? მონაწილეობა მიიღო?". - იკითხა ერთ-ერთმა ბუკნარელმა მუსლიმმა. 

ჟურნალისტებთან კომენტარის დასრულების შემდეგ მუფთი ადამ შანთაძე მუსლიმ თემთან მოსალაპარაკებლად გავიდა. 

მანამდე, ჩოხატაურის მერიასთან ვითარება დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მუსლიმი თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და გარანტიებს ითხოვენ, რომ მათ ლოცვაში ხელი არ შეეშლებათ. 

ადგილობრივმა ქრისტიანებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ბუკნარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსლიმები მეჩეთის აშენებას გეგმავენ და დაძაბულობაც სწორედ ამან განაპირობა. თუმცა, მუსლიმი თემი მხოლოდ არსებული კერძო სახლის გარემონტებას და მის სამლოცველოდ გამოყენებას გეგმავს. 

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ სიფეკლშივე ერთერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის. 

12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.   

დღეს, 14 იანვარს მუსლიმი თემი კვლავ შეიკრიბა ჩოხატაურის მერიასთან. ისინი ითხოვენ პირობას, რომ მუსლიმ მრევლს ლოცვაში ხელი არ შეეშლება. "ისევ ჩვენ წავალთ კომპრომისზე, არ შევაწუხებთ ქრისტიან ძმებს". - ამბობენ ისინი. 

პარტია ლელოს შეფასებით, სტრუქტურა (რელიგიის სააგენტო), რომელიც მსგავს ინციდენტებზე უნდა რეაგირებდეს, სუს-ის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ბუკნარში განვითარებული მოვლენები "შეიძლება იყოს იმის გაგრძელება, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია".


close დახურვა