logo
ENG



ელისაშვილი: ჩვენს ინიციატივაზე მოვუსმენთ ოპოზიციას, არ გამოვრიცხავ ოცნებასთან კონსულტაციას

14 იან 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock 1011
ელისაშვილი: ჩვენს ინიციატივაზე მოვუსმენთ ოპოზიციას, არ გამოვრიცხავ ოცნებასთან კონსულტაციას

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გეგმავენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ახალ პირობაზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს დაელაპარაკოს და მათი არგუმენტები მოისმინოს. დღეს, 14 იანვარს იგი ამ საკითხზე სამსჯელოდ ზურაბ ჯაფარიძისგან გამიჯნულ გირჩის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრის ბოლოს ელისაშვილმა თქვა, რომ გეგმავს, შეხვდეს სტრატეგია აღმაშენებლის, ენმ-სა და ლელოს ლიდერებს.

"ჩვენ და გირჩის ლიდერები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს დაველაპარაკებით, ყველას, ვინც ბარიერი გადალახა, უახლოეს დღეებში შევხვდებით გიორგი ვაშაძეს, როდესაც ის დაბრუნდება, რამდენადაც ვიცით უცხოეთშია და ლელოსთან, შემდეგ სხვებთანაც, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთანაც, თუ დათანხმდებიან".

ელისაშვილმა განმარტა მათი ინიციატივაც, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება ოპოზიციასთან ჯამურად, მაშინ 2022-ში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები: 

"გვაინტერესებს ოპოზიციის არგუმენტები, მისაღებია თუ არა ეს მათთვის. ქართულ ოცნებასთან კონსულტაცია არ გვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ გვქონდეს", - ამბობს ის.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ასევე თქვა, რომ გიგა ბოკერიას გარდა, პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ის კონსულტაციას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამართავს. როგორც ელისაშვილმა თქვა, მას გიგა ბოკერიას აზრი არ აინტერესებს.

შეხვედრაზე შესვლამდე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თუ ქართული ოცნება მათ პირობებს დათანხმდება, მზად არის, პარლამენტში შევიდეს. მის პირობებს შორის არ არის რიგგარეშე არჩევნები.

შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიამაც. მან თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება.

პარტია მოქალაქეები და გირჩი ის პარტიებია, რომლებსაც ამ დრომდე არ უთქვამთ საპარლამენტო მანდატებზე უარი.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.  ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თანხმდება.


close დახურვა