logo

მელია: მერაბიშვილზე არ ვსაუბრობ, მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ქვეყანაში ჭერი ჩამოინგრეს

15 იან 202122:10
3 წუთის საკითხავი
clock 4638
მელია: მერაბიშვილზე არ ვსაუბრობ, მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ქვეყანაში ჭერი ჩამოინგრეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე, დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას ენმ-ის სია ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, მელია აღნიშნავს, რომ იყო პრობლემები, მაგრამ მას არა სურს მერაბიშვილზე საუბარი, რადგან "კარგს ვერაფერს იტყვის".

მელიას თქმით, მისი სწორება არის აწყმოსა და მომავალზე და არა წარსულზე.

"არ არის ასე (ნაციონალური მოძრაობის სია ვანო მერაბიშვილს არ დაუწერია). პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბატონ ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ამ ადამიანზე (მერაბიშვილზე) არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი", - აცხადებს მელია.

მელიას თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში განვითარების ახალი ეტაპი იწყება. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ენმ-ში მივიდნენ ადამიანები, რომელთაც წარსულში არ სურდათ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად თანამშრომლობა.

ჟურნალისტის კითხვაზე "ანუ ახალი ხალხი მოგყავთ და ძველ ხალხს რას უშვრებით?", მელია პასუხობს, რომ ენმ-ში ბევრი გამოცდილია ადამიანია, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნისას უმწიკვლოდ იცხოვრეს და ისინი პარტიის კაპიტალს შეადგენენ.

"ნაციონალურ მოძრაობას ყავს ბევრი გამოცდილი ადამიანი, რომლებიც პოლიტიკას აკეთებდნენ, რომლებმაც მიუხედავად თანამდებობებზე ყოფნისა, უმწიკვლოდ იცხოვრეს, ძალიან პატიოსნად გაიარეს ცხოვრების ის ეტაპი, რომლებიც ხელისუფლებას უკავშირდებოდა, ეს ადამიანები პარტიის სიმდიდრე და კაპიტალია", - აცხადებს მელია. 

მელიას განცხადებით, პარტიაში ახალი, მაგრამ ამავდროულად, გამოცდილი ადამიანები მივლენ. წამყვანის რეპლიკაზე, რომ ვანო მერაბიშვილიც გამოცდილია, მელიამ განაცხადა, რომ მასზე (მერაბიშვილზე) განგებ არ საუბრობს.

"განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ ქვეყანაშიც, არ  მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა", - აღნიშნა მელიამ.

მელიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაში ვერ იქნებიან.

 

close დახურვა