logo
ENG



ხურჩას მცხოვრები ოკუპანტებზე: ხუმრობით ვამბობთ, ნებისმიერ დროს რომ შემოვიდნენ პრობლემა არაა

19 იან 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock 1079

მას შემდეგ, რაც 18 იანვარს ხურჩასთან ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს, ადგილობრივი მცხოვრები ელისო შამათავა ფორმულას უყვება, რომ იქ მცხოვრებლები დაუცველები არიან. მისი თქმით, რუს სამხედროებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პრობლემა არ აქვთ და იქაურ პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ:

"[დაუცველები ვართ], რა თქმა უნდა. ხუმრობითაც გვითქვამს, ნებისმიერ დროს რომ შემოვიდნენ პრობლემა არ არის, მითუმეტეს, ისინი იმდენად აკონტროლებენ აქეთ, რომ 10 წუთის გასული იყო სამხედრო პატრული, ანუ იმათ იცოდნენ როდის უნდა გადმოსულიყვნენ".

სუს-ის ინფორმაციით, დაახლოებით 20:30 საათზე საოკუპაციო ძალებმა ზუგდიდის სოფელ ხურჩასთან 3 მოქალაქე აიყვანეს და აფხაზეთის მიმართულებით წაიყვანეს. ელისო შამათავა ყვება, რომ ამ ყველაფრის თვითმხილველია და დაინახა, ისიც რომ ერთ-ერთი დაკავებული ნაცემი იყო. 

"შევამჩნიეთ რომ რუსი მისდევდათ. ქალებმა რომ დაინახეს რომ ჩვენც შევამჩნიეთ, სადმე დარეკეთ, 112-ში ან სამხედროებთანო. 2 ქალი გადმოდიოდა და 2 რუსი მოსდევდა. იმათ კიდე უკან 2 მოსდევდა. მთლიანობაში 8 სამხედრო იყო, შეიარაღებულები იყვნენ. კაცს დაეწივნენ 300 მეტრში, ძაღლმა მიაგნო, მესმოდა ძაღლს ბრძანებას აძლევდნენ, აუშვიო. აქეთ რომ გამოიყვანეს სერიოზულად ეტყობოდა რომ ნაცემი იყო", - ამბობს ის.  

სუს-ის განცხადებით, ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ არიან.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას", - აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა