logo
ENG



NGO-ები: საპატიმროებში ომბუდსმენის ეფექტიან მუშაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს

20 იან 202118:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/ew1c5vk4i7uk0kr.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები - საია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაინტერესდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით და უზრუნველყონ მსჯავრდებულთა უსაფრთხოება. NGO-ები აცხადებენ, რომ გარანტირებული უნდა იყოს სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები პენიტენციურ დაწესებულებებში.

დღეს, 20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ ბრიფინგზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ციხის ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფის მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე განხორციელებულ სიტყვიერ თავდასხმებზე, მუქარასა და აგრესიაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის გავლენებზე აქამდეც ამახვილებდნენ ყურადღებას სახალხო დამცველი და სამოქალაქო ორგანიზაციები.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე, ორმაგად სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული პრობლემები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლების წარმომადგენელბი ამჯერადაც უარყოფენ ციხის სუბკულტურის არსებობას და მასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს", - ნათქვამია NG0-ების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრობლემის არაღიარება და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე მათი გადაბრალება, არსებითად ქმნის ვითარების კიდევ უფრო დამძიმების რისკებს და თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ასუსტებს ომბუდსმენის ინსტიტუტის ნდობას პენიტენციური დაწესებულების შიგნით.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია:

1) სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება, რომელიც წარიმართება დროულად და მაღალი გამჭვირვალობით;

2) იუსტიციის სამინისტრომ გაატაროს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის და ე.წ. „მაყურებლების“ გავლენების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებულ პირთა უფლებების მაღალ დონეზე დაცვა;

3) პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების დაუბრკოლებლად, უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში საქმიანობა და მსჯავრდებულებთან მათი კომუნიკაციის დაცულობა.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2021 წლის 13 იანვარს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი დაემუქრა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა. მისივე თქმით, 2021 წლის 13 იანვარს რუსთავის #17 დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, იმიტომ რომ ციხეებში ყველაფერი იყო ძალიან კარგად. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიიღოს მყისიერი ზომები კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად. 

ლომჯარიას განცხადებას უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ თუკი რომელიმე საპატიმროში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. 

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს.

 


close დახურვა