ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით.
ამასთან, სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება) და საჩივრის ეს ნაწილი დაუშვებლად სცნო:
"სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო კონფლიქტის დროს მომხდარი მოვლენების პერიოდში შეუძლებელია საუბარი "ეფექტურ კონტროლზე" იმ არეალში. სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული".
მიუხედავად ამისა, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ეფექტური კონტროლი" განახორციელა სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და "ბუფერულ ზონაზე", 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე - რუსეთის ჯარების ოფიციალური გაყვანის თარიღამდე.
ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის ფართომასშტაბიანი წარმომადგენლობა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთზე მიუთითებდა იმაზე, რომ კვლავ გრძელდებოდა "ეფექტური კონტროლი".
- შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
- სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) ეწინააღმდეგება, კერძოდ, ეს ეხება 160 სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და დამამცირებელ მოპყრობას, რამაც გამოიწვია მათი ტანჯვა და ქმედება მიიჩნიეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად;
- ასევე, დაირღვა მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეების თვითნებული დაკავების გამო;
- ერთხმად დადგინდა ისიც, ცხინვალში ე.წ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ მიერ 8-17 აგვისტოს ქართველი ჯარისკაცების ტყვედ აყვანაზე ვრცელდებოდა რუსეთის იურისდიქცია;
- სასამართლომ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა, რაც ეხება ქართველი ტყვეების წამების შემთხვევებს;
- ასევე, 16 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ აკრძალვა, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს არ შეეძლოთ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნება, ვრცელდებოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაზე;
- 16 ხმით ერთის წინააღმდეგ დადგინდა, რომ პროცედურულ ასპექტში დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები;
- სასამართლოს დიდმა პალატამ, 16 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ მოპასუხე ქვეყანამ, ანუ რუსეთმა არ შეასრულა 38-ე, საქმის განხილვის და მორიგების პროცედურების მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა განვასხვავოთ საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობდა 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ - ეს აითვლება 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები. ასევე, მოიპოვა მტკიცებულებები 33 მოწმისგან.