პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკველობაში ბრალდებული პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. ფორმულას ინფორმაციით, 45 წლის ხიზირ გაურგაშვილი ამ წუთებში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. გაურგაშვილმა მისივე მეზობელი 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი რამდენიმე დღის წინ სოფელ დუისის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით მოკლა და შემთვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს, იბრაჰიმ ქავთარაშვილს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.