logo
ENG



მდინარაძე: პარლამენტში ოპოზიციონერებს შეეძლებათ ვიცე-სპიკერის კანდიდატურის წარდგენა

25 იან 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock 1145
მდინარაძე: პარლამენტში ოპოზიციონერებს შეეძლებათ ვიცე-სპიკერის კანდიდატურის წარდგენა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტარებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს შეეძლებენ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატები წარადგინონ. 

გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.

"მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ, გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ  პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ამასთან დაკავშირებით "ევროპელ სოციალისტებს" ქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის გაეზარდოთ 15 წუთი", - აცხადებს მდინარაძე.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია, პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, "თუ ხელში ეჭირება გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, პარლამენტში შევა". მისივე თქმით, "რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება კი სამარადჟამო".

უცნობია, როდის ჩატარდება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი. 

 


close დახურვა