სპეციალური პენიტენციური დაწესებულება, სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატმა ივერი მელაშვილისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა.
პენიტენციური დაწესებულების განმარტებით, უწყებამ მოკვლევა ბრალდებულის ადვოკატის მიმართვისთანავე, თვის დასაწყისში, დაიწყო. პენიტენციურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება:
"მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,-ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 29 იანვარს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სახალხო დამცველმა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.
კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გუშინ, 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.