ევროპელი სოციალისტების წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საკითხს პარლამენტში დღეს, 2 თებერვალს უყარეს კენჭი. ენუქიძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. ერთერთი მათგანი სწორედ ავთანდილ ენუქიძეა.
გარდა ევროპელი სოციალისტებისა, პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი - იმყოფებიან.
დანარჩენი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. 51 ოპოზიციური პარტიების დეპუტატიდან 48-ამ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის შესახებ მიმართა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, მაგრამ ამ ეტაპზე, მათი განცხადებით, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.