logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

05 თებ 202112:52
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. განაჩენის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ეხოკავკაზა ავრცელებს.

ამავე გამოცემის ცნობით, ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს "ძალადობის აქტს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის მიმართ" და ასევე, 322-ე მუხლით, რაც გულისხმობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას. ეხო კავკაზას ცნობითვე, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მათი განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.

"ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები  მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

 
 

close დახურვა