logo
ENG



თალაკვაძე მელიაზე: თუ პროკურორი დასაბუთებულად მოგვმართავს, სათანადო გადაწყვეტილებას მივიღებთ

12 თებ 202114:45
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე მელიაზე: თუ პროკურორი დასაბუთებულად მოგვმართავს, სათანადო გადაწყვეტილებას მივიღებთ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადახდის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პროკურატურა პარლამენტს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს, საკანომდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ნიკა მელია არ აპირებს 20 ივნისის საქმის ფარგლებში დაკისრებულ გირაოს გადახდას. მას გირაოს გადახდის ვადა დღეს, 12 თებერვლის დღის ბოლომდე აქვს.

თალაკვაძის თქმით, ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას აირჩევს გირაოს თუ პატიმრობას. თალაკვაძე საქმის პოლიტიზირებას გმაორიცხავს და აცხადებს, რომ მელიას საქმე აქვს მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასთან.

"სერიოზულად გჯერათ, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო? ეს ხომ აბსურდია. ადვოკატებს მონაცემები აქვთ. ნიკა მელია, მისი მეგობრები და მხარდამჭერი ტელევიზიები რამდენიმე დღეა ცდილობენ კამპანიის აგორებას, როგორც ჩანს ეს გირაოს გადახდის წინასამზადისია, რომ თითქოს, წინასწარ თქვან ის, რაც უნდა გააკეთონ. წინასწარ ამბობენ, რომ თითქოს, საქველმოქმედო კამპანია იქნება და მას შეუგროვებენ გირაოს. ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას - ირჩევს გირაოს გახდას თუ პატიმრობას, კანონის მხოლოდ ეს ოფციაა. თუ პროკურორი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს პარლამენტს, პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მართლმსაჯულება ისევე მოეპყრობა მელიას, როგორც ექცევა სხვა მოქალაქეებს. 

მელია გირაოს დაკისრების დღიდან მოყოლებული საჯაროდ აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. მისი თქმით, სახელისუფლებო მედია და ქართული ოცნების წევრები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის თანხას სხვა მოქალაქის ხელით დაფარავს. 

"ეს იქნებოდა სირცხვილი და დანაშაული, საკუთარ თავთან, პირველ რიგში", - ამბობს მელია და საქმეს, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ მას გირაო დააკისრა, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

გუშინ, 11 თებერვალს პროკურატურამ მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა