logo

გარდაცვლილი მოზარდის დედა ყვება, რომ ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს"

12 თებ 202115:09
3 წუთის საკითხავი
clock 4727
2021/02/12/tqtbytji4jamj83.png

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე თურქეთიდან დაბრუნებული გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებთან შეხვედრამდე ფორმულასთან კომენტარს აკეთებს და შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებს იხსენებს. 

გარდაცვლილის დედა ყვება, რომ საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. 

"ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს დედამისთან თურქეთშიო, აქ ვერ იცხოვრებს, სოფელში, შეგვარცხვინაო", - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა. 

მისი თქმით, შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც 14 წლის მოზარდმა ამბის პოლიციისთვის შეტყობინება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გაიგო მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ბაბუამაც, რომელიც მედიასთან ყვება, რომ არასრულწლოვანზე ბოლო შემთხვევიდან 6 თვით ადრეც იძალადეს, უბრალოდ მაშინ, მოზარდს ამბავი არავისთვის მოუყოლია. 

გარდაცვლილის დედა ყვება, რომ ინფორმაციის პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, მის შვილზე, ნათესავებმა ფიზიკურად იძალადეს, რის შესახებაც, მას მოზარდმა პირადად შეატყობინა. 

"უმოწყალოდ სცემეს", - იხსენებს გარდაცვლილის დედა, - "ძლივს გამოართვეს ხელიდან. ბავშვი შემოგაკვდება და ციხეში ჩაჯდებიო". 

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 

გარდაცვლილი გოგონას ბაბუა კი იხსენებს, რომ პოლიციისთვის დანაშაულის შეტყობინების შემდეგ, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ექსპერტიზას უნდა დაედასტურებინა, იყო თუ არა 14 წლის მოზარდი გაუპატიურების მსხვერპლი, თუმცა პასუხი ოჯახს ბავშვის გარდაცვალების შემდეგაც ამ დრომდე არ მიუღია. 

გარდაცვლილის ბაბუა ყვება, რომ სწორედ საგამოძიებო მოქმედებების გაჭიანურება გახდა მისი შვილიშვილის თვითმკვლელობის მიზეზი. 

"გამომძიებელს ველაპარაკე, ცნობა ჩამოვიდა თუ არა-მეთქი, არაო. წავედი დილას და საღამო არ იყო ჯერ, დავბრუნდი და ჩამოკიდებული დამხვდა". — იხსენებს ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ბაბუა. 

მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს მასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულიც. სავარაუდო დამნაშავის მიმართ გამოძიება ამ დრომდე "16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის" ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცავი ორგანოების დაგვიანებულ მოქმედებას უკავშირებს გარდაცვლილის დედა არასრულწლოვანი ქალიშვილის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას. 

"2 თვე გაწელეს საქმე. ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ბიჭი სასწრაფოდ დაეჭირათ და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ", - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა", - "ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა".

სახელმწიფო ინსტიტუტების გულრგრილობასა და სისტემის ჩავარდნაზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ორი დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას არაეფექტურ მოქმედებაში ამხელენ. 

ქობულეთში მცხოვრებმა 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 10 თებერვალს დაასრულა. 

close დახურვა