
"რა გამოდის - ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო - ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს?!" - წერს ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით. ჩარკვიანმა თქვა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, დუმბაძე პარლამენტში მივიდეს და მელიას დაკავებისთვის ღილაკს თითი მიაჭიროს.
დუმბაძე ჩარკვიანის საპასუხოდ წერს, რომ მისთვის არ მიუმართავს, როცა "ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯდა", რადგან ჩათვალა, რომ ეს ჩარკვიანის არჩევანია.
"ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ. მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე - როცა პარტია კანონი და სამართალის დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია.
ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა; ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი იმ მხარეს დგომა, რომელიც ოკუპაციის პირობებში და პანდემიისგან მიყენებული უკიდურესი კრიზისის დროს სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებას ისახავს მიზნად; სამწუხარო და გასაკვირია შენგან ფსიქოლოგიური ბულინგის მცდელობა ჩემზე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება - ნიკა მელიას ვერავინ ჩასვამს ციხეში თუ კანონის ელემენტარულ მოთხოვნას დაემორჩილება და გირაოს გადაიხდის. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სხვაზე არავიზე.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და მომავლის წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკოსის, ბრალდებულის სიჯიუტისა და ახირებიდან გამომდინარე იღებდეს და არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან", - წერს დუმბაძე.
ის ჩარკვიანს მიმართავს, რომ სულ სხვა მხარეა დასარწმუნებელი კანონის უზენაესობაში.
"მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს. და რა გამოდის - ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.
შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია? რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?!
და მთავარი - ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მითუმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტუტიციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!" - წერს დუმბაძე.
ჩარკვიანმა დღეს, 14 თებერვალს TV პირველის ეთერში თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია, დუმბაძემ მელიას წინააღმდეგ ღილაკს თითი ისე დააჭიროს, ვერ გაანალიზოს, რომ ის სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის გაპროტესტების გამო ისჯება. ჩარკვიანმა იმედი გამოთქვა, რომ დუმბაძე გამორჩეული იქნება და ღილაკს თითს არ დააჭერს.
ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, პროკურატურამ კი მისი დაპატიმრების ნებართვისთვის პარლამენტს მიმართა. პარლამენტი ამ საკითხზე, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში იმსჯელებს. ქართული ოცნების განცხადებით, ისინი იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ.
საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. სამაჯური, პროტესტის ნიშნად, მელიამ აქციაზე მოიხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.