logo
ENG



ქადაგიშვილი მელიაზე: კომიტეტებშიც და პლენარულზეც იმუნიტეტის მოხსნას მხარს დავუჭერთ

15 თებ 202115:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/15/rt7pmywq0coh94f.jpg

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე ხვალ ორი კომიტეტი იმსჯელებს, შემდეგ კი დასკვნებს პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.

მისი თქმით, უმრავლესობა როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

"ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა - კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს.

შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მელიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაუმძიმდება თუ არა აღკვეთის ღონისძიება.

"ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება, გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ თანხის ოდენობაა  გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. 

ამის გამო პარლამენტი გეგმავს, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას - შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რათა შემდგომ საშუალება ჰქონდეს, სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს.  

შესაბამის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 


close დახურვა