
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მას ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავები კითხავენ.