logo
ENG



"ოცნების" წევრების მტკიცებით, მელიას საქმეზე სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

17 თებ 202113:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტ​მა პროკურატურის განცხადება დააკმაყოფილა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა, დღეს, 16:00 საათზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. მოსამართლე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობაზე იმსჯელებს. 

"ერთი მხრივ, ნიკა მელია არღვევს კანონს, მეორე მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ, კანონის დარღვევაზე გვქონდეს შესაბამისი რეაქცია, ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი კანონდარღვევა, ეს იყო გამოწვევა ჩვენი მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სისტემისთვის" - თქვა შალვა პაპუაშვილმა. "

"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვართ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, შესაბამისად, ემოციების გავლენის ქვეშ ვერ ვიქნებით გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც შეეხება სასამართლოს - დარწმუნებული ვარ, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული". - ამბობს დაჩი ბერაია. 

"სასამართლო აუცილებლად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხარეებს ექნებათ შეჯიბრებითობის შესაძლებლობა. მხარეები თანასწორუფლებიანები არიან. წარადგენენ არგუმენტაციას და სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას".- თქვა გივი მიქანაძემ

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელია სწორედ ამ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. 

საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება. 

2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.

ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა. 

ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.


close დახურვა