ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მის კანდიდატურაზე მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა.
როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
"დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური პარტიის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ღარიბაშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და ერთერთი ლიდერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პერიოდში იკავებდა შს მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერის თანამდებობას, ახლა კი ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.
მისი მინისტრობის და პრემიერობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში", - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფორმულამ გაავრცელა.
პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.