logo
ENG



რა შეზღუდვები იხსნება და როდიდან - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

24 თებ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი ხვალიდან, 24 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ერთერთი უმთავრესი შეზღუდვა, რომლის მოხსნის მოთხოვნით არერთი საპროტესტო აქცია გაიმართა - კომენდანტის საათი.

საბჭოს გადაწვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახლადდანიშნულმა პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან, საბაგიროები - 8 მარტიდან;

  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან;

  • რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა) ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ლი მარტიდან;

  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან რეგულაციების დაცვით;

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);

  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები  პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან;

  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;

  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან;

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშების განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას - 1 აპრილიდან;

  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა (მოლები და ბაზრობები) შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე.

კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყნაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან დაემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.


close დახურვა