logo
ENG



ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო

24 თებ 202118:51
3 წუთის საკითხავი
clock 3857
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო

ნიკა მელიას მამის, კარდიოლოგ ანზორ მელიას თქმით, ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთიდან მას უმტკიცებს, რომ მსოფლიო ჩალით გადახურული არ არის. 

"ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია დამნაშავე არ არის. ნიკა მელიას მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. პრემიერმინისტრი ჯერ დანიშნული არ იყო და ნიკას რა სიტყვებით მოიხსენიებდა. როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანს ტერორისტი უწოდო. დაამტკიცოს ღარიბაშვილმა, თორემ ჩვენ ახლო მომავალში მას თვითონ დავუმტკიცებთ, რა კორუმპირებულია". - თქვა მან ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში

ანზორ მელია ასევე დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სახლში მალე დაბრუნდება. 

"ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს. 

ერთადერთი, რასაც განვიცდი - სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ ამ ბავშვმა რაღაც იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს". - ამბობს ანზორ მელია. 

***

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა. ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა დახურულ სივრცეში ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რაც სახალხო დამცველმა შეაფასა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასად. 

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე 

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეცვალა. ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობის დროს ენმ-ის ოფისთან სპეცრაზმი მობილიზდა. თუმცა, დაკავების ოპერაცია გადაიდო. 

18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის შესახებ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიამ თქვა, რომ ის მელიას ამ ფორმით დაკავებას არ ეთანხმებოდა. 

22 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. მისი პრემიერობის პირველივე დღეს დააკავეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. 


close დახურვა