logo
ENG



ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში აქცია მიმდინარეობს, მსვლელობას პრემიერიც მართავს

25 თებ 202117:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/25/774ewele5z652i7.jpg

სომხეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ორი აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის აქციას, "მოძრაობა სამშობლოს გადარჩენისთვის" მართავს. ისინი პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

კონტრაქციას თავად პრემიერმინისტრიც მართავს. ის ცენტრალურ გამზირზე თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობას აწყობს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.   

ქუჩებში მობილიზებულია ერევანის პოლიციის დამატებითი რაზმები. 

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თავის განცხადებაში ფაშნიანის გადადგომის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. თავის მხრივ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში. 


close დახურვა