logo
ENG



პარლამენტის, კანცელარიის პიკეტირება, აქციები, მარში - ოპოზიციის გეგმები მარტის თვეში

26 თებ 202114:28
3 წუთის საკითხავი
clock 1742
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის, კანცელარიის პიკეტირება, აქციები, მარში - ოპოზიციის გეგმები მარტის თვეში „თავისუფლებისთვის“ აქციაზე ერთერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საზოგადოების პროტესტი ამ აქციებით არ დასრულდება, თუმცა უახლოესი მომავლის გეგმები სწორედ ასეთი იქნება:

  • 2 მარტს გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი;
  • 5 მარტს დემონსტრანტები კანცელარიის პიკეტს მოაწყობენ;
  • 9 მარტს აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;
  • აქცია გაიმართება 11 მარტს სასამართლოსთანაც;
  • 13 მარტს კი ისევ პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა.

„ამ გავრილოვებს მოუწევთ ჩვენი ხმის მოსმენა. საპროტესტო ტალღა არ დასრულდება მოკლე დროში.

2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის პიკეტირებას იმისთვისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც უშინაარსო ადამიანია და მისგან ივანიშვილის ხმა მოდის. 9 მარტს ვგეგმავთ აქციას შსს-სთან, რადგან ეს უწყება არის ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელი და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური. 11 მარტს ვგეგმავთ აქციას სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძისა და უსამართლობის, პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ. 13 მარტს, აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი მარში და აქცია თავისუფლებისთვის.

თავისუფლების მოპოვების გზა არის რთული, დაბრკოლებებით და მოუთმენლობით აღსავსე, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის წინ აქცია „თავისუფლებისთვის“ იმართება. აქციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მართავენ.

მათი მოთხოვნებია გათავისუფლდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობით.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც. ფორმულას კორესპონდენტის ცნობით, აქტივისტები უკვე გამოემართნენ ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით. მისივე თქმით, თბილისში გადმოიტანენ საპროტესტო კარავსაც.


close დახურვა