logo
ENG



სამადაშვილი: მოლაპარაკებები ჩიხში ხელისუფლების გამო შევიდა, კარგია, რომ გამოსვლას აპირებენ

02 მარ 202100:07
3 წუთის საკითხავი
clock 330
სამადაშვილი: მოლაპარაკებები ჩიხში ხელისუფლების გამო შევიდა, კარგია, რომ გამოსვლას აპირებენ
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მმართველ გუნდთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარია მოლაპარაკებების განახლება.

ამავდროულად, სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენა.

"ჩვენი ევროპელლი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ გვსურს მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება, რომ ეს შეთანხმება იყოს მიღწეული. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციამ ამ შეხვედრით ეს ნება დაადასტურა. ამავდროულად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ დემოკრატიული პროცესის აღდგენაში. ეს არის ჩვენი პოზიცია.

ვფიქრობ მთავარი შედეგია, რომ განვაახლეთ სხვა დონეზე დიალოგის პროცესი - რა შედეგს მოიტანს, ამას დრო აჩვენებს. მოლაპარაკებები ჩიხში ხელისუფლების გადაწყვეტილებით შევიდა და კარგია, რომ მიხვდნენ და ამ ჩიხიდან გამოსვლას აპირებენ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საჯარო პროტესტი გაგრძელდება, რადგან ის მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება და იქ ასახულია მოქალაქეების სოციალური მოთხოვნებიც.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. 

მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები გამართა. მიშელი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. 


close დახურვა