logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ბოდიში, ბერა...

07 მარ 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock 3996

უბრალოდ წარმოიდგინეთ: თქვენი 15 წლის შვილი, რომელიც Facebook-ზე კრიტიკულად იხსენიებს ბერას. რამდენიმე დღეში ქვეყნის სპეცსამსახურის შეფი კბილებამდე შეიარაღებული ბანდით მოდის თქვენთან სახლში, ოჯახის და სამეზობლოს თვალწინ თქვენს შვილს ამცირებს, ეუბნება, რომ თუ არ გაჩერდება და ბოდიშს არ მოიხდის მოკლავენ და ისე დამარხავენ, რომ ვერავინ გაიგებს. შიშის, ბრაზის, უძლურებისა და დაუცველობის შეგრძნება გეუფლებათ. თქვენი შვილი სკოლაშიც კი ვერ მიდის იმის შიშით, რომ როგორც ბერა ამბობს"ჩაპიზდავენ"… ეს კინოფილმის სცენარი არ გეგონოთ. არც ისტორია, რომელიც რუსეთში, ჩინეთში თუ აფრიკის რომელიღაც სახელმწიფოში ხდება. არამედ იმ ბევრი შემთხვევიდან ერთ-ერთი, რომელიც ოცნების საქართველოს სამწუხარო რეალობაა, ქვეყნის რომელსაც სულ რაღაც 10 წლის წინ რეგიონის დემოკრატიის შუქურად იხსენიებდნენ, და როდესაც ამ შუქურის სიკაშკაშის შესახებ სამართლიანი ეჭვები გაჩნდა, სწორედ ამის ფონზე და მის გამოსასწორებლად მიიღო ქართულმა ოცნებამ ნდობის მანდატი ქართველი ხალხის უმრავლესობისგან.

აუდიო ჩანაწერში, რომლის ნამდვილობას ხელისუფლება ფაქტობრივად არ უარყოფს, ჩანს, რომ არაფორმალური მმართველის შვილი დღეს მოქმედ 2 უმაღლეს თანამდებობის პირს, მისთვის სოციალურ ქსელებში აუგად მომხსენიებლებისთვის სამაგიეროს ძალადობრივ გადახდას ავალებს და ამ დავალების შესრულების დეტალებს განიხილავს. ბუნებრივია ბევრი კითხვა არსებობს ჩანაწერთან მიმართებაში, რამდენად ავთენტურია, როდის გაკეთდა, ვინ ან რა მიზნით გაავრცელა, და ამ კითხვებზე პასუხი აუცილებელია იმისთვის, რომ განისაზღვროს მოქმედი პირების პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუ ჩანაწერი 2012 წლის შემდგომი პერიოდისაა, მაშინ აშკარაა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები არაფორმალური მმართველის თინეიჯერი შვილის ახირებებს ექვემდებარებიან, მისი დანაშაულებრივი მითითებების შესრულებაში ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ ჩართული და სახელმწიფო სისტემას საზოგადოების დაუცველი წევრების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმად იყენებენ. ნებისმიერ, შედარებით დემოკრატიული ქვეყნაში ასეთი ჩანაწერი მოქმედი პირების თანამდებობიდან გადადგომას და გამოძიების დაწყებას გამოიწვევდა. რაც უკეთეს შემთხვევაში ხელისუფლების გადადგომით, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობით, უარეს შემთხვევაში კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნით დასრულდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერები ძველია, რასაც ბატონი მდინარაძე ამტკიცებს და რაც ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, შეგვიძლია უბრალოდ ამ ამბის მორალურ მხარეზე ვიმსჯელოთ. ფაქტია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონს წარმოადგენენ, ავადმყოფური სიამოვნებით და შემაძრწუნებელი ლექსიკის გამოყენებით განიხილავენ დაუცველი ადამიანების ძალადობრივი დასჯის გეგმას, შურისძიების ფანტაზიებს და შემდგომ, მათი ჩაგვრის შესახებ პატაკს აბარებდნენ ბერას. ყველაზე მთავარი და ამაზრზენი მაინც ისაა და უზუსტესად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის უმძიმეს რეალობას, თუ როგორ თამაშობს "ივანიშვილების სამეფო ოჯახის უფლისწული" ბერა, ქართული სახელმწიფო სისტემით და როგორ იყენებს პრემიერმინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სპეცსამსახურის უფროსს და ძალოვან სტრუქტურებს საკუთარი ძალადობრივი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. ამის შემდეგ, ადვილი მისახვედრია რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი თავად ბიძინა ივანიშვილი, ანუ უგვირგვინო მონარქი, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს, გადაწყვეტს საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მანქანის გამოყენებას. რთული აღარ იქნება წარმოვიდგინოთ ზეწოლისა და სისასტიკის მასშტაბი - მსხვილ ბიზნესზე, მედიაზე თუ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე და მათი დაუცველობის ხარსიხი. თუმცა ასეთ შემთხვევებში მართლაც ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი მაინც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, და ძალაუფლების ამ ავადმყოფური პირამიდის მთავარი მსხვერპლი დღეს არა ციხეში უსამართლოდ გამომწყვდეული ნაცმოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, არამედ ის 15 წლის ბავშვი, მისი თანატოლები და მათი ოჯახებია, რომელთაც მიყენებული სტრესი თუ ფსიქოლოგიური ტრავმები შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეთ.

ამის შემდეგაც ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები კვლავ 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე, ოლეგ მელნიკოვზე, მეგის ქარდავასა თუ მიხეილ ბიბილურზე გვესაუბრებიან, მაშინ როდესაც ბერას ზონდერებად ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ვახტანგ გომელაური იქცნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცნების ის მორალური უპირატესობა, რომ ნაცმოძრაობისგან გასხვავებით თითქოს უბრალო ხალხს არ ერჩის, ამ ჩანაწერმა ბოლომდე გააქარწყლა. "აქ ბოდიშის მოხდევინებასა და ჭკუის სწავლებაზეა საქმე, იქ კი გირგვლიანის მკლელობაზე" - კვლავ იტყვიან ალბათ ზოგიერთები, თუმცა კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ამბავი ტრაგიკულად რომ არ დასრულდა, უფრო ჩუბინიძის დამსახურება ან უბრალო შემთხვევითობაა, ვიდრე ქართული ოცნების "ჰუმანურობის" შედეგი. რადგან არც მაშინ ყოფილა გირგვლიანის მკვლელობა ხელისუფლების მიზანი, მისი დასჯა და "ჭკუის სწავლება" კი ტრაგედიით დამთავრდა. განუკითხაობის, დაუსჯელობის და ყოვლისშემძლეობის შეგრძნებამ დააყენა მაშინ ის უმძიმესი შედეგი და ხვალაც იგივე იქნება, თუ ძალაუფლების დაბალანსებას ვერ მოვახერხებთ, ჩვენს შემთხვევაში საქმე ძალაუფლებაში მყოფის აბსოლუტური გარყვნით კი არა აბსოლუტური ლპობით დასრულდება.

და ბოლოს: ჩანაწერმა ასევე გვაჩვენა უმძიმესი სურათი, რომელიც ამ ქვეყნის ფეოდალური იერარქიისა და კრიმინალური განწყობების სამარცხვინო ნაზავს წარმოადგენს და რომელიც სტაფილოს წვენით ნასაზრდოები, ქველმოქმედებით დაგრიმული და ძვირადღირებული ინსტაგრამ თუ ტელე კამპანიებით გაპრიალებული იმიჯის უკან - სინამდვილეში დგას. ეს სინამდვილე კი ისეთი შემზარავია, როგორც იმ ადამიანებისა და ოჯახების დუმილი, რომლებიც წლების შემდეგაც მხოლოდ ერთადერთი წინადადების თქმას ახერხებენ: - "ბოდიში ბერა.."


close დახურვა