ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წინააღმდეგია. პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ვინ იქნება დიალოგის წარმმართველი ხელისუფლების მხრიდან, არის აზრთა სხვადასხვაობის საგანი.
სავარაუდოდ, სწორედ ეს საკითხი იქნება ოპოზიციის განხილვის საგანი დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე.
შეხვედრის დაწყებამდე ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს.
"მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს და მოვლენას, რომელიც გუშინწინ გავრცელდა. შესაბამისად, მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. რიგგარეშე არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მიიღოს ნიკა მელია, ჩვენი თავმჯდომარე დაპატიმრებულია". - ამბობს ის.
იმავე აზრზეა გამარჯვებული საქართველოს წევრი, გურამ ჩალაგაშვილიც.
"მაგიდის მეორე მხარეს ვინ იჯდება, ამას, ჩემი პირადი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ის ადამიანი იქ არ მოდის - ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, იქ ღარიბაშვილი იჯდება, კობახიძე თუ მდინარაძე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მორალური და ზნეობრივი უფლება არ აქვს, საერთოდ გამოჩნდეს მედიასთან ან რამე სახის მოლაპარაკება აწარმოოს". - თქვა ჩალაგაშვილმა.
სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მოლაპარაკება პირადი შეხვედრა არ არის და გადაწყვეტილებები პირადი სიმპათიის მიხედვით არ მიიღება.
"თქვენ გახსოვთ, რომ 90-იანი წლების დასაწყისშიც, კომუნისტურ პარტიასთან, კრიმინალურ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებით დანიშნა ეროვნულმა მოძრაობამ არჩევნები. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია შედეგი. ქართულ ოცნებაში ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია. ქართული ოცნების მიმართ გვაქვს უფრო დიდი ბრალდებები, ვიდრე კონკრეტული დანაშაული. ამიტომ, მთავარია შედეგი". - თქვა მანჯგალაძემ.
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.