logo
ENG



კალაძე: ფარული ჩანაწერის შინაარსის შეფასებას არ ვაპირებ, დამატებით ინფორმაციას მალე მიიღებთ

08 მარ 202118:25
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: ფარული ჩანაწერის შინაარსის შეფასებას არ ვაპირებ, დამატებით ინფორმაციას მალე მიიღებთ

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე თითქმის 48 საათის შემდეგ გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით და თქვა, რომ შინაარსის შეფასებას არ აპირებს, ზოგადად კი პოლიტიკური კონფრონტაციისას "ამ მეთოდის გამოყენება" არასწორად მიაჩნია.

ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების პასუხად კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში "დამატებით ინფორმაციას" უნდა ველოდოთ. 

"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად მომდევნო დღეების განმავლობაში, დამატებით გექნებათ შესაძლებლობა, დამატებით მიიღოთ ინფორმაცია",- განაცხადა კახა კალაძემ. 

კითხვას - უნდა დაიწყოს თუ არა გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძება, კალაძე ასე პასუხობს: "მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ". 

6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.

 

 


close დახურვა