საქართველოს მეგობრებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნეს.
წერილით იან კელი, მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი, იან კელი და სხვა ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია და ამით გადადგან პირველი დადებითი ნაბიჯი შექმნილი კრიზისული ვითარების განსამუხტად.
წერილში ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები თავს საქართველოს მეგობრებად მიიჩნევენ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველო ხალხის გამძლეობით საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე და მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი.
მათივე თქმით, დიპლომატები მხარს უჭერდნენ და უჭერენ საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევრო ატლანტიკური და ევროინტეგრაციის გზაზე და მტკიცე ადვოკატირებას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ მთავრობებთან.
საჭიროების შემთხვევაში კი არც კრიტიკას მორიდებიან.
"შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით საქართველოში, მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შტურმით აეღოთ წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დაეკავებინათ მისი ლიდერი.
მისი არგათავისუფლება შეუძლებელს ხდის გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხის მოგვარებას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი განაპირობა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. საქმის ასეთი განვითარება არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის და გლობალური პანდემიის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში დასავლეთის სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. ამით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები საქართველოში განვითარებული მოვლენებით". - ნათქვამია წერილში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დემოკრატია განსაცდელის ქვეშ მათ ქვეყნებშიც დგება, თუმცა, დასავლეთში ინსტიტუტები შენარჩუნდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლების წყალობით.
"ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატია შენების პროცესშია, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას.
არჩეული მთავრობები ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთა, დროისა და ყურადღების იმ რეფორმებზე დათმობით, რომლებზეც კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ.
ოპოზიციის არჩეულ პოლიტიკოსებს კი საარჩევნო დარღვევებზე თავიანთი საჩივრების სამართლიანად განხილვის უფლება აქვთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, საქართველოს ხელისუფლებასთან გამოსავალზე შეთანხმების მიზნით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირი, თუ სხვა მედიატორი უზრუნველყოფს, რათა შეძლონ მოპოვებული მანდატების დაკავება და ქართული დემოკრატიის გაძლიერება.
უთანხმოების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით გადაჭრით, ყველა მხარემ უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნის წინსვლას.
მათი საერთო მიზანი მრავალპარტიული პარლამენტის შედგომა უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლის ნებას გამოხატავს და ამასთან, ქართველი ხალხის სრული ნდობა ექნება, რათა ქვეყანა წინ წავიდეს", - აღნიშნულია საქართველოს მეგობრების წერილში.
დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ საქართველომ გაუძლო დემოკრატიის წინა ტესტებს. ყველა წინა კრიტიკული მომენტში, მათმა ლიდერებმა გადადგეს ნაბიჯები კრიზისიდან ამოსვლის მიზნით და ქვეყანას მისცეს საშუალება, ყოფილიყო დემოკრატიული ტრანზიციები.
"საქართველოს ახლა მორიგი გადამწყვეტი მომენტი უდგას, რომელსაც ზოგი არსებითადაც კი მიიჩნევს.
მთავრობამ, რომელსაც ძალაუფლება უპყრია ხელთ, ოპოზიციის ლიდერის განთავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლოდროინდელი მოვლენები ვითარებას უფრო მეტად გადაუდებელს ხდის. ამ პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებისკენ მოწოდებები, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ კეთილი ნება და მოახდინონ დემოკრატიის მიმართ მათი ერთგულების, დიალოგის და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.
როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ რჩევის გაცემისა და მხარდაჭერის მზადყოფნას, ფასილიტაციის ხელშეწყობის მიზნით.
თუმცა უთანხმოების გრძელვადიანი გადაწყვეტა საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერების მცდელობაზეა დამოკიდებული, გადაარჩინონ დემოკრატიული ინსტიტუტები". - ნათქვამია წერილში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
- მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
- კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
- ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
- სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
- უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
- ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
- პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
- ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
- ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
- გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
- გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
- ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
- ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ
- იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
- დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
- მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
- თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
- ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
- რენდი შონემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
- კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი
- კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.