logo
ENG



პარტია მოქალაქეები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

09 მარ 202112:41
3 წუთის საკითხავი
clock 741
2021/03/09/omdrjt1xe4hkktj.jpg

პარტია მოქალაქეების ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

საქმე ეხება TV პირველის ეთერით 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. ჩანაწერის მიხედვით, დავალებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, ანზორ ჩუბინიძე ასრულებს.

მოქალაქეები საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"რამდენიმე დღე გავიდა და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, მეორე - ამ ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები იკავებდნენ თუ არა ჩანაწერების გაკეთების დროს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის.

პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე იყოს პასუხები. შესაბამისად, ჩვენ, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები მივმართავთ ქართულ ოცნებას და მოვუწოდებთ, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

ასევე, მივმართავთ ოპოზიციას, რათა დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა არის საჭირო საგამოძიებო კომისიის ინიცირებისთვის და კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.


close დახურვა