ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა და მის მიმართ ბრალდებებს უპასუხა.
ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე "კამათს არ დაიწყებს", რადგან ამას "მნიშვნელობა არ აქვს".
"ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე მსგავსი წყევლა კრულვა ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, ისინი დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები.
იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როცა საუბარია არასრულწლოვან ადამიანზე, რომ იქ ესწრებიან ამ საუბარს მისი მშობლები, უფროსი მეზობლები, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუ დარიგება.
მოდით, მე არც კი დავიწყებ კამათს ავთენტური იყო, დაამონტაჟეს, თუ არა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის", - ამბობს ის.
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.